ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ეს ვაქცინებიც არ ავითვისეთ, იმედი არ გვქონდეს, რომ „კოვაქსი“ ახალ დოზებს მოგვცემს

“მინდა, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა ჩაერთოს ვაქცინების მიღების პროცესში, რადგან ახლა, ჩვენ ქვეყანაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება”.

განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„მაგალითად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშუალოდ დაურეკა „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორს და მან პრეზიდენტს პიროვნულად მისცა გარანტია, რომ უკრაინას წლის ბოლომდე 10 მილიონ დოზას მისცემს. აქ, ჩვენ ასეთი პიროვნული გარღვევები გვინდა და მინდა, პრეზიდენტის დონიდან დაწყებული, ყველა ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან ახლა, ჩვენ ქვეყანაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, საქართველოს ვაქცინების ძალიან ლიმიტირებული რაოდენობა აქვს, მაგრამ არსებული ვაქცინებიც კი არ არის გამოყენებული.

„ჯერ კიდევ აუთვისებელია „ასტრაზენეკას“ 27 000-მდე დოზა. ეს მაშინ, როცა საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია 55 წლის ზემოთ. თუ ეს ვაქცინებიც არ ავითვისეთ, იმედი არ გვქონდეს, რომ „კოვაქსი“ ახალ დოზებს მოგვცემს. ძალიან კარგი იქნება და გამიხარდება, „ფაიზერის“ ორი და სამი მილიონი დოზა რომ გვქონდეს. რა თქმა უნდა, მოცვის მაჩვენებელი ძალიან სწრაფად გაიზრდებოდა და სამიზნე მაჩვენებლებს მივაღწევდით, მაგრამ ახლა, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ იქ, სადაც ვართ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...