ბიძინა კულუმბეგოვი: მოგიწოდებთ ყველას, თუ ვაქცინირებული არ ხართ, მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები!

„შეზღუდვების შემსუბუქება არ მიმაჩნია გამართლებულად ერთი გამონაკლისის გარდა – ეს არის პირბადის ღია სივრცეში ტარების აუცილებლობა” – ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი რეგულაციების მოხსნას ამ ეტაპისთვის არ ეთანხმება.

“ღია სივრცეში დისტანციის პროცესი დაცულია და პრობლემა არ არის, თუმცა, სურვილს ვიტოვებდი, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულიყო და თუნდაც ეს კომპონენტი ჩვენ კი არ გაგვეთანაბრებინა, არამედ ვაქცინირებული ადამიანებისთვის წახალისების წყაროდ გამოგვეყენებინა, მათთვის შეგვემსუბუქებინა ეს, რომ სხვებსაც ინტერესი გასჩენოდათ.

ეს გამოვიცალეთ საკუთარი ხელიდან. ადამიანები აცრილი არ გვყავს. მინდა, მოვუწოდო ყველას, როგორც სპეციალისტმა, რომ თუ გარშემო, სადაც არ უნდა იყოთ, ადამიანები არიან, პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ისეთ ადგილებში არ წახვიდეთ, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ასევე, ვიდრე ვაქცინირებული არ ხართ, მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები, შეზღუდეთ სტუმრად ყოფნა, ნაკლებად მიიღეთ სტუმრები. აუცილებელი თხოვნაა, რომ თუ ისეთ ადგილზეა ადამიანი უპირბადოდ ან არასწორად უკეთია პირბადე, გაჩერებაა ეს თუ ტრანსპორტი, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მივუთითოთ მას, რომ გაისწოროს, რადგან ამ ადგილებში ისევ არის პირბადის გამოყენების მოთხოვნა.

სამწუხაროდ, ვაქცინაციაზე გადის ეს პროცესი. ვაქცინაციის პროცესი არ არის ქვეყანაში იმ მასშტაბის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და მინდა, მჯეროდეს პრემიერის სიტყვის, რომ ორი კვირის შემდგომ საქართველოში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები
იტვირთება...