ბიძინა კულუმბეგოვი: არ შეიძლება ერთ კლინიკაში მკურნალობა იყოს ერთი და სხვაგან მეორე

რ შეიძლება მკურნალობა ერთ კლინიკაში იყოს ერთი, სადღაც პერიფერიაზე სხვა, ერთი ექიმი ერთს ფიქრობდეს, სხვაგან სხვა… ამის დრო აღარ არის. ეს ლაფსუსი გამოსაწორებელია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ურემი გადაბრუნდა და გზა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ასეთი ლაფსუსები შემოდგომაზე მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული.

“მაქსიმალური ტრეინირება და მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო. ექიმების დონე ამ თვალსაზრისით გათანაბრებული უნდა იყოს. არ შეიძლება მკურნალობა ერთ კლინიკაში იყოს ერთი, სადღაც პერიფერიაზე სხვა, ერთი ექიმი ერთს ფიქრობდეს, სხვაგან სხვა… ამის დრო აღარ არის. რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები არის, როდესაც ინტერპრეტაციით უდგებიან მართვას, ჰოსპიტალში მოხვედრიდან დაწყებული, მისი გაწერით დამთავრებული, აღარაფერს ვამბობ ჰოსპიტალში დაყოვნების პერიოდს. ეს არის ლაფსუსი, რომელიც გამოსაწორებელია.

ჩვენ ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა, რადგან ასე სწრაფად არ წავა. ჩვენ არ გვაქვს ვაქცინაციის ის ტემპი, რომ შემოდგომას გულხელდაკრეფილი ველოდოთ. ვაქცინა თვენახევრის შემდეგ იცავს ადამიანს. იმიტომ, რომ ერთი დოზა, მერე 3-4 კვირაში მეორე დოზა, მერე ორი კვირაა საჭირო იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. თუნდაც შემოდგომაზე უნდა ველოდოთ ასეთ რაღაცას. ახლა ურემი გადაბრუნდა, მაგრამ სამწუხაროდ გზა ჯერ არ ჩანს”, – თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები
იტვირთება...