ბიძინა ივანიშვილი: ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო, წინა ხელისუფლებამ – მხოლოდ 650 მილიონი ლარი გაიმეტა

“ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო. წინა ხელისუფლებამ კი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, ქართული სოფლისთვის ოთხჯერ ნაკლები, მხოლოდ 650 მილიონი ლარი გაიმეტა.” – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

აუცილებლად მინდა, რამდენიმე სიტყვით სოფელს და სოფლის მეურნეობასაც შევეხო. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და ასეც რომ არ იყოს, ეს მიმართულება ჩვენთვის მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი როდია – ქართული სოფელი, განსაკუთრებით ქართული ვაზი, და ქართული ღვინო, ჩვენი იდენტობის და მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
ღვინო ვახსენე და სადღეგრძელო რომ არ გამომივიდეს, მოდი, ისევ „ულმობელ“ სტატისტიკას მივენდოთ:
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო. წინა ხელისუფლებამ კი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, ქართული სოფლისთვის ოთხჯერ ნაკლები, მხოლოდ 650 მილიონი ლარი გაიმეტა.
ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ სოფლის მეურნეობისთვის გაწეული ხარჯები წყალში გადაყრილი ფულია. ამასობაში, რეალობა სულ სხვაა – სოფლები წელში იმართება, გლეხები ფერმერებად იქცნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება სოფელს და თვალსაჩინოა გამოცოცხლების პროცესი – სამჯერ და მეტადაც არის გაზრდილი შედეგები სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგში.
თავად განსაჯეთ:
2012 წლამდე, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული, ვენახების საერთო ფართობი 35 ათას ჰექტარს შეადგენდა.
2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი პოლიტიკის, დარგის მხარდაჭერისა და სისტემური რეფორმების შედეგად, მხოლოდ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ვენახების ფართობი 20 ათასი ჰექტარით გაიზარდა და 55 ათას ჰექტარს მიაღწია.
არ იფიქროთ, რომ თავის მოსაწონებლად და სატრაბახოდ მომყავს ეს რიცხვები. ქართველი კაცი ვაზს უნდა აშენებდეს, აბა რას უნდა აკეთებდეს და ნორმალური ხელისუფლებაც ამაში უნდა ეხმარებოდეს საკუთარ ხალხს. სტატისტიკა თვალსაჩინოებისთვის მომყავს მხოლოდ, სხვაობა რომ ნათლად დაინახოთ.
2012 წლამდე ყურძნის მოსავალი წლიურად 50-55 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი ექვსჯერ გაიზარდა და 300 ათას ტონას მიაღწია.
შესაბამისად, ჯერადობით გაიზარდა მევენახეების შემოსავლები, რაც ასევე ასახულია კონკრეტულ ციფრებში – მევენახეებმა, 2013 წლიდან დღემდე, ყურძნის რეალიზაციით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს.
სხვათა შორის, რთველი ჯერ არ დასრულებულა და ყველა პროგნოზით, ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება.
კახელი მევენახის ეს წარმატება – მთელი ქვეყნის წარმატებაა. ამ წარმატებით გამოწვეული სიხარულიც საყოველთაო უნდა იყოს თითქოს, მაგრამ სწორედ ამ წარმატებამ გამოიყვანა წყობიდან ნაციონალების პარტია, რომლის მთავარმა პროპაგანდისტმა ღრმად დაბუდებული სნეულება ვერ დაფარა და პირდაპირ ეთერში ქართული ღვინის წაბილწვით დაემუქრა გამრჯე კახელ გლეხს.
დამეთანხმებით, ეს ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა, შესაძლოა, ყველა სტატისტიკაზე უფრო მყარი.
ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როცა მომხდური მტერი ჩვენს გადაშენებას და იდენტობის გაქრობას ლამობდა, პირველ რიგში ვაზს ჩეხდა. რას წარმოიდგენდა ჩვენი წინაპარი, რომ საქართველოს ოდესმე ეყოლებოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც კახელ გლეხს აიძულებდა, საკუთარი ხელით აეჩეხა ვაზი. როდესაც შესავალ ნაწილში აღვნიშნე, წინა ხელისუფლება მტერზე არანაკლები სისასტიკით ექცეოდა საკუთარ ხალხს-მეთქი, რამაც ალბათ ბევრს მოჭრა ყური, ამ მოვლენასაც ვგულისხმობდი, სხვა ფაქტორებთან ერთად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად