ბიძინა ივანიშვილი “ოცნების” მხარდამჭერებს: ხვალ ყველა ჩვენთაგანი უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან!

ხვალ ყველა ჩვენთაგანი ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დრამატულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“ და დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას.

“ამიტომ მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს – ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია.

ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ.

მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება.

მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.

ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი – ჩვენი ძმები და დები არიან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად