ბიძინა ივანიშვილი: ნურაფრის შეგეშინდებათ, ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებაის მიმდინარეობდა.

“ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩვენ ტკივილი ვერ მოგვერევა და ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს.
რადგან საქართველო უკვდავია!
უკვდავია მისი კულტურა, მისი დაუდგრომელი სული, რომელიც მუდამ ისწრაფვოდა და ისწრაფვის თავისი ევროპული ოჯახისკენ.

და დღეს, როდესაც დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება, როდესაც, ზოგიერთი ხანდახან ირონიულადაც იხსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით – რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით.

სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ ჩვენ, ევროპასთან ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას; სწორედ ასეთი მიდგომებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება;

სწორედ ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა!

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით – ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ.

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, პირველ რიგში, ზომიერებაა – თავისუფლების და პასუხისმგებლობის იდეალური ბალანსი, იდეალური კვეთა. სამწუხაროდ, ევროპულ სივრცეში დაბრუნება დაბალი ნიშნულიდან იმიტომაც გვიწვეს, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე თავისუფლების სურნელთ გაბრუებულებმა, პასუხისმგებლობა სრულად ვერ გავაცნობიერეთ და პრაქტიკულად დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ.

დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში;

ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო – სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან;

ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ.

მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, “ქართული ოცნება” ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა.

ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულ ოპონენტებსაც კი, მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“

დაბოლოს!
როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა:
“ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”.
სწორედ ესაა ჩვენი გზა, ესაა ილიას გზა, ესაა ევროპული გზა.

ამ ვარსკვლავს მივყვებით ჩვენ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში „გზა ხსნისა“ განათლებაზე გადის.

ამიტომ მივეცით ჩვენს თავს უფლება, ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, მის განათლებაში ჩაგვედო.

ბევრი ჩვენზე ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა ვერ გაბედავდა, ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაეხარჯა.

ჩვენ კი ეს გავბედეთ და გავაკეთეთ.

განათლების უპრეცედენტო რეფორმა, რომელსაც წელს ჩეყარა საფუძველი, ერთდროულად არის ჩვენი ქვეყნის შვიდწლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გვირგვინიც და ამბიციური განაცხადიც ჩვენს გარდაუვალ, სამომავლო წარმატებებზე!
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ღირსეულ გზაზე!

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ღირსეულ გზაზე

გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ სამშობლოს, გაუმარჯოს საქართველოს” – განაცხადა .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად