ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ, 8 წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება

ჩვენ, რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება – 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 700 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ. – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო.
დღევანდელი სიღარიბე, იმ ოცწლიანი, უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ.
ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მემკვიდრეობით ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა და ბრალდებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვინც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მხოლოდ 4 პროცენტით მოახერხა სიღარიბის შემცირება და 2012 წელს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა.

სიღარიბის დაძლევის ესოდენ დაბალი მაჩვენებელი, დიდ წილად, 2008 წლის ომის თანამდევი ეკონომიკური კრიზისის არაეფექტურმა და უგუნურმა მართვამაც განაპირობა. კრიზისის დასაძლევად აღებული ოთხი მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, რომელიც დღემდე უმძიმეს ტვირთად აწევს ქვეყანას, ეკონომიკის გაჯანსაღებას კი არ მოხმარდა, ეს ფული, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენეს მაშინდელმა ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა ბანკირებმა მაშინ, როცა გაჭირვებაში მყოფ ხალხს რეალური დახმარების ხელი არც უგრძვნია.

ამასობაში, ქართულმა ოცნებამ ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ. დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, ლოგიკური და სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას გაუჭირდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ კვლავ წელში გავიმართოთ. ვალი, რომლის აღებაც ჩვენს ხელისუფლებას მოუწია, მთლიანად ხმარდება ხალხს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს, ბავშვებს. ამავე დროს, მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელმაც ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს, იქნება ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამასაც მოვერევით და კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვალთ, რადგან ყველა თეთრი, რაც კრიზისის დროს მოვიზიდეთ, ხმარდება ქართულ ეკონომიკას, მის მდგრადობას და განვითარებას. წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და რაც მთავარია, არ იპარავს მას.

სწორედ ამ მიზნებს და ამოცანებს ემსახურება პარტიის საარჩევნო პროგრამა, რომელიც დღეს უნდა წარმოგიდგინონ ჩვენი გუნდის წევრებმა.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, პროგრამა შედარებით მოკლედ, თეზისურად იქნება წარმოდგენილი, თუმცა, დაგეგმილი გვაქვს, რომ კამპანიის დროს, რამდენიმე სპეციალური პრეზენტაცია კიდევ გავმართოთ, მათ შორის რეგიონებში და თემების მიხედვით, დეტალურად ვესაუბროთ ამომრჩეველს ჩვენს პროგრამაზე, რათა სათქმელიც გასაგებად ვუთხრათ, და თითოეულ სიტყვასა და დაპირებაზე ჯეროვანი პასუხისმგებლობაც ავიღოთ.
განვითარება და წინსვლა ქართველი კაცის ხასიათშია. ისტორიულად, ის ყოველთვის იყურებოდა წინ, და არასოდეს არჩევანი წარსულის სასარგებლოდ არ გაუკეთებია. ამიტომაც, მჯერა, ჩვენი ხალხი თავის არჩევანს იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთებს, რომელსაც სწორი გზით წინ მიჰყავს ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი შეინარჩუნოს მშვიდობა და საკუთარ მოქალაქეებს სტაბილური გარემო შეუქმნას წინსვლისა და წარმატებისთვის.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის!” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად