ბიძინა ივანიშვილი: ბიზნესისთვის “ნაციონალური მოძარობის” ხელისუფლების პერიოდი იყო მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე

„მსურს, შეგახსენოთ, იმდროინდელი სამართალდამცავი სისტემის უკიდურესი თვითნებობა, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მათი არაპროპორციული და მავნებლური გავლენა, რამაც ბევრი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია განაპირობა”.

ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მსურს, შეგახსენოთ, იმდროინდელი სამართალდამცავი სისტემის უკიდურესი თვითნებობა, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მათი არაპროპორციული და მავნებლური გავლენა, რამაც ბევრი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია განაპირობა.

მინდა, ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს, საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიზნესისთვის ის პერიოდი იყო მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე. რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული, მანამდე არნახული, მძლავრი კორუფციული სისტემა, კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში თავმოყრილი იყო ეკონომიკის თითქმის ყველა შემოსავლიანი სექტორი. ვინც გაბედა, რამე ფორმით წინააღმდეგობა გაეწია ამ მანკიერი ფინანსური წესრიგისთვის, მყისიერად დააპატიმრეს და იძულებით ჩამოართვეს ქონება.

ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს. ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი კი, ილექებოდა უცხოურ ბანკებში, მათ საგულდაგულოდ გადამალულ ანგარიშებზე. სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით ფინანსდება მათი დღევანდელი პოლიტიკური აქტიურობა. ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რადგან, სამწუხაროდ, არ არსებობს ჩვენი სამშობლოს, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, თუ სხვა სფერო, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლების მავნებლური ზემოქმედებისა და  დამანგრეველი მმართველობის შედეგებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად