ბიძინა ივანიშვილი: ამოცანა კონკრეტული იყო – რაკი ვერაფერი გაათეთრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყო „ქართული ოცნება“

“ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის, ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებას – სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა”.

ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეიმუშავეს მთელი კონცეფცია, რომლის მიხედვით საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის შედეგად ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, მოჩვენებითი აღმშენებლობის პროპაგანდით და მათი ეგრეთ წოდებული ეფექტურობით უნდა გამართლებულიყო, ხოლო „ქართულ ოცნება“, წარმოჩენილიყო არაკომპეტენტურ და არაფრისშემძლე ერთობად.

“ასე დაიწურა მათი პროპაგანდისტური მოძღვრება, ერთ მარტივ ტერმინში – „უნიათობა“, რომელიც უნდა ქცეულიყო „ქართული ოცნების“ მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მომხდარიყო მმართველი გუნდის დისკრედიტაცია.

მათ წლები მოანდომეს ამ ეპითეტის დამკვიდრებას. ამოცანა ცხადი და კონკრეტული იყო – რაკი ვერაფერი გაათეთრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყო „ქართული ოცნება“. ამ ორ ძალას შორის კი ქართველ ხალხს უნიათოს ნაცვლად, ეფექტური უნდა აერჩია.

სიცრუეში დახელოვნებულებმა, საკუთარი შანსი ჩვენს სიმართლეში დაინახეს: ჩვენ არ ვიტყუებოდით და მათსავით, სამ-სამჯერ არ ვხსნიდით რომელიმე ხიდს თუ საწარმოს;  წითელ ლენტს არ ვჭრიდით, თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე; არ ვპირდებოდით ხალხს მილიონიანი ქალაქების ორ წელიწადში აშენებას, და საუკუნის პროექტებს არ ვარქმევდით მათ; ვიწრო კოშკში ჩადგმულ საბავშვო ატრაქციონს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად არ ვასაღებდით; არ ვაშენებდით მოჩვენებით კეთილდღეობას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს და ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად.

თუმცა, მათ გასაკვირად სიცრუემ არ იმუშავა. გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო და ზედიზედ ხუთ არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ მართვის სადავეების დაბრუნებაზე.

პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდობის გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება – საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი.

სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას და აღკვეთა ამბოხი,  რასაც შედეგად, ჩვენდა სამწუხაროდ, ათეულობით დემონსტრანტის და სამართალდამცავის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. იყო, სამწუხარო გადაცდომებიც, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც.

სწორედ ამ ფონზე შემოიტანა ნაციონალურმა პროპაგანდამ, ჩაფლავებული „უნიათობის“ პარალელურად, ტერმინი – „სისხლიანი რეჟიმი“ – დამნაშავემ მსხვერპლის მანტია მოირგო, და დიქტატურასა და ტირანიაზე ურცხვად ალაპარაკდა. არც ამან იმუშავა. ხალხის მოტყუება კვლავაც ვერ შეძლეს.

მერე, როგორც ჩანს, თავადვე აღმოაჩინეს, რომ „უნიათო ტირანია“ ლოგიკურად არათავსებადი ცნებების ნაზავი და საღ აზრთან წინააღმდეგობაში მყოფი ნამდვილი აბსურდი იყო და ისევ ძველ ტაქტიკას დაუბრუნდნენ.

ოღონდ ერთი შესწორებით – თუკი ადრე, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის სუსტი და იოლად უარსაყოფი არგუმენტები მაინც მოჰყავდათ, აპელირებდნენ ციფრებით, პროცენტებით, მანიპულირებდნენ სტატისტიკით, დღეს ამაზეც უარი თქვეს. ფაქტი, მოვლენა, და არგუმენტი, საერთოდ გაქრა მათი რიტორიკიდან. დარჩა მხოლოდ იარლიყი და დაუსაბუთებელი ბრალდება, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია.

და რადგან დღეს, აღარ გააჩნიათ ფიზიკური ტერორის ბერკეტი, ახლა ნამდვილ მორალურ ტერორს უწყობენ ჩვენს ხალხს – ცდილობენ დათესონ შიში, სასოწარკვეთა, და უიმედობა.  რას აღარ აგონებენ ხალხს,  რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, რომ თითქოს არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს განვითარება შეჩერებულია, თითქოს ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და საერთოდ, რა დღიდანაც ისინი  აღარ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა უფსკრულშია.

„ჭაობი“,  „დაღუპვის წინაშე მდგარი ქვეყანა“,  „უპერსპექტივო აწმყო“, – უხვად იფრქვევა, უპრეცედენტოდ თავისუფალი მედია-გარემოს წიაღში აღმოცენებული, მათი მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტული პლატფორმებიდან.

პრინციპში, არც გაემტყუნებათ – პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად