ბიძინა ივანიშვილი: ახლა რომ “ჩემია” ის, რაც გავეცი, არასოდეს ისე “ჩემი” არ ყოფილა, რადგან ვერავინ გაფლანგავს აწი მას

“პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესახებ ჩემს განცხადებაში ვრცლად უკვე ვისაუბრე და რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას.” – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბატონო ბიძინა, არ შემიძლია, არ გკითხოთ: ფაქტია, რომ თქვენი კაპიტალი წლების განმავლობაში, ქველმოქმედების მასშტაბებიდან გამომდინარე, თანდათანობით მცირდებოდა, მაგრამ საერთაშორისო მედია ჯიუტად 5-დან 6 მილიარდ დოლარად (ხან ცოტა მეტი, ხან ცოტა ნაკლები) აფასებდა თქვენს ქონებას – ისინი, სავარაუდოდ, თქვენს განკარგულებაში ერთ დროს არსებული ფასიანი ქაღალდების ღირებულების ჯამს გულისხმობდნენ, საფონდო ბირჟაზე მათი კვოტირების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცემებთან აღარ თანამშრომლობდით და არ ადასტურებდით მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ნამდვილობას, თქვენი თვალთახედვის არეში ხომ ხვდებოდა ეს რიცხვები? რატომ არასდროს გაგიჩნდათ სურვილი, მიგეთითებინათ მათთვის, რომ „გაღარიბდით“ და იმდენს აღარ „იწონით“, რასაც ინერციით მოგაწერდნენ?

იმ მარტივი მიზეზის გამო, გიორგი, რომ არ მიმაჩნია, რომ „გავღარიბდი“. ჩემი კაპიტალი ერთი ქართველის კერძო მფლობელობიდან სრულიად საქართველოს, ყველა ქართველის სამსახურში იხარჯება და ის, რაც ფონდმა შეძლო შეექმნა ან გადაერჩინა, ყველა იმ საუნჯის თანამესაკუთრე ხომ ვართ მე და ჩემი ოჯახი? ვართ და თუ ვართ, მაშინ, რაღანაირად „გავღარიბდი“? ახლა რომ „ჩემია“ ის, რაც გავეცი, არასოდეს ისე „ჩემი“ არ ყოფილა, რადგან ვერავინ გაფლანგავს აწი მას და ვერ გაანიავებს (ვერც მე, მათ შორის). ასე რომ, რასაც გასცემ, მხოლოდ ის არის საბოლოოდ შენი, ამაშია რუსთველის სიბრძნე და სიდიადე. ყოველ შემთხვევაში, მე, ერთი ქართველი, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილებიც ასე ვკითხულობთ მას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად