ბიძინა გეგიძე ქაოტური განაშენიანების საფრთხეებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს გაასაჯაროვებს

ვარაზის ხევის ლანდშაფტში, კერძოდ, ნინო ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარედ მასიური მშენებლობებისა და ქაოტური განაშენიანების საფრთხეებზე „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ, თეა გოდოლაძესთან ერთად ისაუბრებს.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ექსპერტებთან და დირექტორ, თეა გოდოლაძესთან ერთად, ინტენსიურად იკვლევდა მდინარე ვარაზის ხევის ლანდშაფტში,

კერძოდ, ნინო ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარედ მასიური მშენებლობებისა და ქაოტური განაშენიანების საკითხს, რაც არა მხოლოდ ამ ქუჩების მაცხოვრებლებს, არამედ მთლიან ქალაქს აყენებდა მასშტაბური საფრთხის წინაშე.

ხსენებული კვლევის და ტერიტორიის აქტიური მონიტორინგის ფარგლებში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა, 2018 წლის აპრილში, ჩაატარა მაღალკვალიფიციური კვლევა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდზე, დაუყოვნებლივ უნდა აკრძალულიყო მშენებლობები.

“სწორედ ამ კვლევების საფუძველზე, ფრაქციამ და ფრაქციის თავმჯდომარემ, არაერთი შეხვედრა გამართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებისა და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელ პირებთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან. შეხვედრებზე მოწვეულნი იყვნენ კანადის სამშენებლო ნორმების კომისიისა და აშშ-ის ლორენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის ექსპერტებიც, რომლებმაც წარმოადგინეს ხედვა მასშტაბური განაშენიანების საფრთხეების შესახებ. მთელი პროცესი მიმართული იყო ჟვანიას ქუჩაზე სრულიად მიუღებელი და მოსახლეობის სიცოცხლისათვის საშიში მშენებლობების შეჩერებისა და აკრძალვისაკენ. მიუხედავად დიდი ხნის მანძილზე არსებული საპირისპირო შეხედულებებისა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან, ხსენებულმა აქტივობებმა შედეგი გამოიღო წელიწადნახევრის შემდგომ: თბილისის მერიის მხრიდან შეიზღუდა ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების ნებართვების გაცემა”-ნათქვამია პრესრელიზში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...