ბესელია: ვიდეო კადრების გავრცელების საქმეში ვიპოვე ისეთი გვარი, რომელიც ერთ-ერთი დეპუტატის გვარს ემთხვევა

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების საქმის გამოძიების იმედი არ აქვს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქმეში იპოვა რამდენიმე საინტერესო  გვარი, რომელიც ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ეხება. თუმცა თავი შეიკავა დასახელებისგან.

“არ მაქვს იმედი  რომ ეს საქმე იქნება გამოძიებული, რომ დამნაშავეს დასჯიან, რადგან მგონია, რომ კვალი მიდის იმ ადამიანებთან, რომლებიც მე თავიდან, როგორც სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრე, ისე მოვხაზე.

გახსოვთ თქვენ, არ გამოვრიცხე წარსულის ძალაც, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ ეს ემთხვეოდა სწორედ იმ მწვავე კონფლიქტს სასამართლოს თემაზე. მგონია, რომ მანდ მიდიოდა ეს კვალი.

პარლამენტში ლობისტები ჰყავთ. მე სახელობითად ვერავისზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე კრებსითად ვასახელებ ინტერესთა ჯგუფს. ეს ჯგუფი „კლანი“ და მასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც არიან მათ შორის პარლამენტშიც (ვერ ვამბობ ასე სახელით და გვარით, ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა) მაგრამ ვის ინტერესებშიც შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი, მგონია, რომ კვალი იქ მიდის. რადგან ამას წინ უძღოდა ჩემთან რამდენჯერმე გამეორებული სიტყვები: გაჩერდი ან გაჩუმდი! არც გავჩერდებოდი და არც გავჩუმდებოდი და ამას მოჰყვა ეს გადაწყვეტილება.

აი, ჩემს ადგილას რა ლოგიკურ დასკვნას გააკეთებდით? მე მოვიკითხავ საქმის გამოძიების ფინალურ ეტაპზე რა ხდება, მაგრამ აქ რა არის საინტერესო…

პირველად ვამბობ, რამდენიმე გვარი ვიპოვე საქმეში, ოღონდ გვარს არ დავასახელებ, რადგან ხმაურიანი გვარია და თან არ მინდა იმ ადამიანს ზიანი მივაყენო. მაგრამ კითხვა გამიჩდა…

რამდენიმე გვარია, რომელსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება აქვთ ჩადენილი, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს. მაგრამ ის ადამიანი, იმ საინტერესო გვარით, ზუსტად იმ ქმედებისთვის ჩანს, რომ საქმეში ხელშეუხებელია.

მე არავის დასჯა და დაპატიმრება არ მინდა, გარდა იმისა, ვინც ეს საზიზღრობა დაგეგმა და ჩაიდინა. კითხვა გამიჩნდა: თუ ის პატარა გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები დაიჭირეს გავრცელებისთვის, ეს რატომ არის? გვარი აქვს საინტერესო. გვარი თუ იცავს, როგორც იმუნიტეტი ამას გავარკვევ პროკურატურასთან.

გვარს ახლა არ ვასახელებ, რადგან ვიღაცას ეხება, მათ შორის მარტო მამაკაცი არ არის, ქალიც არის. გვართან დაკავშირებით მეც მქონდა რეაქცია და ვუთხარი: გვარის გამო აქვს იმუნიტეტი თუ რატომ არის განსხავებულ რეჟიმში. შსს-ში მითხრეს არ ვიცითო, პროკურატურის გადაწყვეტილებას ველოდებითო.

ამ თემაზე მიჭირს საუბარი და მეტს აღარ გავაგრძელებ. იმედი არ მაქვს რომ ეს საქმე იქნება გამოძიებული” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად