ბესელია: ვაზაგაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება “ნაცმოძრაობის“ სისასტიკის ანატომიაა

13 წლის შემდეგ, 2006 წლის მაისში ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არც პროპორციული და არც აუცილებელი იყო.

2019 წლის 18 ივლისს ევროსასამართლომ “ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ” (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე) საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თქვა, „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებამ არ გამოიძია საქმე და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. რის გამო საქართველოს სახელმწიფოს  ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

აიპრესი დაინტერესდა, როგორ აფასებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას საჩივარზე, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ეკა ბესელია.

“ეს იყო ერთ-ერთი მძიმე გადაწყვეტილება, რაც კი არსებობს იმ გადაწყვეტილებებთან ერთად, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს ააშკარავებს. ვაზაგაშვილის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული. ჯერ ზურა როგორ  ჩაცხრილეს, მერე როგორ ააფეთქეს იურა ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, ეს იყო უმძიმესი ისტორია.

მე მახსოვს, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში დაზარალებულადაც კი არ სცნეს ოჯახი. მაშინ მინდია უგრეხელიძე ( ევროპულ სასამართლოში ჩვენი პირველი ქართველ მოსამართლე, მართლაც თანამედროვეობის ყველაზე დიდი იურისტი ვინც კი გვყავს ქართველებს) ჩამოვიდა საქართველოში სტრასბურგის სასამართლოდან, იმიტომ რომ სასამართლო არ არსებობდა ქვეყანაში, მან შექმნა ახალი სახალხო ტრიბუნა. გახსნა ახალი სივრცე ამ დახშული  პოლიტიკური რეჟიმის დროს და დავიწყეთ სახალხო სასამართლო – „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“. ეს ახალი პროექტი მინდია უგრეხელიძის საავტორო პროექტი და დამსახურება  იყო.

პირველი რაც განიხილა სახალხო სასამართლომ მისი მოსამართლეობით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე იყო. იურა ვაზაგაშვილი მაშინ ცოცხალი იყო და ამ პროცესზე გამოვიდა, მე და გელა ნიკოლეიშვილი ვმონაწილეობდით. მე ვიცავდი ზურაბ ვაზაგაშვილის ინტერესებს და ბრალდებას ვუჭერდი მხარს. ეს დაახლოებით 2006 წელია. ახალი ჩაცხრილული იყო ზურა, როცა ოჯახი ვერ ახერხებდა  დაზარალებულის სტატუსი მაინც მიეღო, საქმის მასალებს ვერ ეცნობოდა. ეს საქმე არის პოლიტიკური ანატომია რა სისასტიკეს ჰქონდა ადგილი იმ რეჟიმის დროს, ამდენი წლის შემდეგ დადგა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. განა არ ვიცოდით რომ გამოძიება არ ჩატარდა, დაირღვა სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, მაგრამ არცერთ ინსტანციას არ ეყო იმის ძალა და გამბედაობა, რომ შიდა ეროვნულ დონეზე დაედგინა ეს სიმართლე.

_ მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ საკმაოდ მძიმე შეფასება გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებას ზურაბ ვაზაგაშვილის მკველობის საქმის ნაწილში, ფაქტობრივად არცერთ პოლიტიკურ პარტიას ამაზე შეფასება არ გაუკეთებია.  რატომ?

_ ნამდვილად გულსატკენია,  იმიტომ რომ ვაზაგაშვილის საქმე ერთ-ერთი უმძიმესი საქმეა იმ პოლიტიკურ განაჩენებს შორის, როდესაც იმ რეჟიმის მძიმე შედეგებზე ვლაპარაკობთ… შეგნებულად გავიხსენე ის პერიოდი, როდესაც მინდია უგრეხელიძე ჩამოვიდა სტრასბურგიდან და სამართალს რომ ვპოულობდით ვერც ოჯახი და ვერც ვერავინ. შეუძლებელი იყო ქვეყნის შიგნით ადამიანს სამართალი ეპოვა.  ამდენი წლის შემდეგ, როცა სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არ ჰქონდათ არც გამოძიება, არც სასამართლო, არ არსებობდა არცერთი ინსტანცია სადაც ადამიანი სიმართლეს იპოვნიდა, ეს ამტკიცებს იმას რაც უკვე საყოველთაოდ ცნობილია –  უსამართლობა მძვინვარებდა ქვეყანაში.

არ ვიცი რატომ ჩაიკარგა ამ ვნებათა ღელვაში ეს საქმე. თუმცა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე, სანდრო გირგვლიანის საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე, დარჩება უმძიმეს მაგალითად… ამ ხელისუფლებამ ეს უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან სახიფათოა გადაუხვიო ადამიანის უფლებების ძალიან მაღალ სტანდარტს,  დემოკრატიის მაღალ სტანდარტს, რომელი იდეითაც „ქართულმა ოცნება“ 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდა. ასეთი საქმეები არის ერთგვარი გაფრთხილება…

შეგახსენებთ, სახელწმიფო ბრალდების ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. კორტების საქმეში  პოლიციის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს, მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. მძიმე დაზიანებები მიიღო მათთან ერთად მანქანაში მყოფმა 22 წლის ბონდო ფუთურიძემ.

2007 წლის 20 ოქტომბერს ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევის დადგენა მოითხოვდნენ.

2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ე.წ. კორტების საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით რამდენიმე პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე.

2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს ვაზაგაშვილი-ხუბულოვის მკვლელობაზე 12- 12 წელი მიესაჯათ

პ.ს. ეკა ბესელიასთან ვრცელ ინტერვიუს “აიპრესი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...