ბესელია: შესაძლებელია, გასწორდეს წინააღმდეგობრივი ჩანაწერი კონსტიტუციასა და რეგლამენტს შორის

პოლიტიკური ნების არსებობს შემთხვევაში, შესაძლებელია, სამართლებრივად გასწორდეს წინააღმდეგობრივი ჩანაწერი კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტს შორის, რითაც შესაძლებელი გახდება, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური პროექტი მიღებულად ჩაითვალოს.

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ თუ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არა აქვს, მაშინ ეს არის გზა, უბიძგოს მთელ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს, რომელიც ამ მოთხოვნით გაერთიანდა, რომ პროცესები ქუჩაში იყოს გადატანილი და შეიძლება გახდეს უმართავი.

“ის, რომ კანონპროექტმა 113 ხმა ვერ მიიღო რეგლამენტის მიხედვით (და არა კონსტიტუციის მიხედვით) ნიშნავს, რომ მას კიდევ სჭირდებოდა ორი მოსმენის შემთხვევაში 113 ხმა და პრეზიდენტს მაშინვე გადაეგზავნებოდა. თუმცა, კონსტიტუციაში არ წერია ის, რაც რეგლამენტში წერია. კონსტიტუციის ჩანაწერი იძლევა შესაძლებლობას, თუ რეგლამენტი გასწორდება (რადგან იერარქიით კონსტიტუცია უფრო მაღალია ვიდრე ნებისმიერი კანონი) და გაკეთდება ჩანაწერი, რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს 113 ხმით შეიძლება მიღებული იყოს კანონპროექტი, ის მაინც ითვლება მიღებულად და გადაეგზავნება პრეზიდენტს მოკლე დროში.

ანუ, თუ პოლიტიკური ნება არსებობს, სამართლებრივი შესაძლებლობა არის. რეგლამენტის შეცვლა უფრო მარტივია ვიდრე კონსტიტუციის ცვლილება. რეგლამენტის ცვლილებას სჭირდება 76 ხმა და ჩანაწერი გასწორდება, რაც წინააღმდეგობრივია რეგლამენტისა კონსტიტუციასთან. თუმცა, მეორე მოსმენაზე კანონპროექტი მაინც უნდა გამოვიდეს” -განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად