ბესელია: სასამართლოს ხელით ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა ქმნის სურათს, რომ მმართველი პარტია გადავიდა რეპრესიაზე

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას საპარლამენტო მანდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ უნდა იჩქაროს და მას შეუძლია, სასამართლოს ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებას დაელოდოს.

„2013 წელს დაიწყო ეს საქმე და ახლა 2019 წელი სრულდება. ამდენი წლის განმავლობაში, 6 წელი დაკიდებული საქმე, როგორც წესი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტია, რადგან სწრაფი მართლმსაჯულება, რომელიც არის ერთ-ერთი პრინციპი, თავის დროზე უნდა განახორციელო და როცა 6 წლის განმავლობაში გრძელდება ეს საქმე, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აცოცხლებ საქმეს და ააქტიურებ იმის შესაბამისად, რამდენად სჭირდება ეს ოპონენტის დევნას. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ჩანს საქმეში. ბოლო რეპრესიების და მკაცრი პოლიტიკის ფონზე ისევ სასამართლოს ხელით, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა ქმნის სურათს, რომ უკვე მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა და გადავიდა რეპრესიულ მოქმედებებზე,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ: „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა და 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განმარტებით, თუ სასამართლომ გამოიტანა პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში უკვე პარლამენტი ვალდებულია, რომ შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება.

“ამ საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის და შესაბამისი დასკვნით მიმართავს პლენარულ სხდომას. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. მხოლოდ პარლამენტს შეუძლია, შეუწყვიტოს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. დადგენილებით ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა და დადგენილების მიღებას კი სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა, თუმცა ეს არ უნდა იყოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე ნაკლები”-აცხადებს გიორგი კახიანი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს თავად პარლამენტი წყვეტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად