ბესელია პომპეოს გზავნილზე: აშშ ყურში კი არ გვეჩურჩულება, არამედ ეს შეშფოთების და წუხილის საგანია

„ეს არის ბოლო გაფრთხილება. ამ გზავნილში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ყურში კი არ გვეჩურჩულება და ჩუმად კი არ გვკარნახობს იმას, რაც პარტნიორებს არ მოსწონთ, არამედ ეს არის შეშფოთების და წუხილის საგანი “, – ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეუს გზავნილებს.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პომპეოს გზავნილები ეხება საქართველოს მართლმსაჯულების თემისადმი სუსტ, არადემოკრატიულ ნაბიჯებს, ასევე საარჩევნო გარემოს და საარჩევნო კოდექსში შესატან აუცილებელ ცვლილებებს.

ასევე, ეკა ბესელიას თქმით, გზავნილი ეხება ანაკლიის პორტის თემას, სადაც არ შეიძლება იყოს ასეთი სახიფათო მანევრები.

„ეს გზავნილები არის ძალიან ღია და მკაფიო. ეს არის ძალიან უარყოფითი და კრიტიკული განწყობები იმ ცუდი ნაბიჯების გამო, რასაც მმართველი პარტია დგამს ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი თემისადმი. მართლმსაჯულება და სასამართლო განაპირობებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს. როდესაც ეს წუხილია, პირდაპირ აისახება საარჩევნო გარემოზეც. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია შესატანი, მხოლოდ დაპირებები არ უშველის ამ ამბავს.

ამას სჭირდება ნაბიჯები, გადაწყვეტილებები და ღია მზაობის დემონსტრირება. ეს არის ბოლო გაფრთხილება. მე მგონია, ვისაც ესმის ეს ენა და ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, დიპლომატიაზე, ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის, რასაც გველაპარაკებიან პირისპირ, ან დახურულ სივრცეში, გადმოდის ღია ფორმატში, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პირდაპირ ელაპარაკებიან ამ გზავნილით, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება, არ იქნება თვალის დახუჭვა. ამაზე ველაპარაკებოდით ჩვენ და ვერაფრით გავაგებინეთ „ქართულ ოცნებას“, – თქვა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა მიმდინარე რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...