ბესელია მელიაზე: არ შეიძლებოდა უფლებამოსილების შეწყვეტა, რომლის მიმართ მხოლოდ ერთი ინსტანციის გადაწყვეტილებაა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მიიჩნევს, რომ პარლამენტმა პროცედურულად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“არ შეიძლებოდა ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა პარლამენტის წევრისთვის, რომლის მიმართ მხოლოდ ერთი ინსტანციის გადაწყვეტილებაა და წინ არის მეორე, მესამე ინსტანცია. ეს მარტივი ჭეშმარიტება, რომელსაც კონსტიტუცია და სამართლის ლოგიკა ამბობს, ვერ გაიგო და არ გაიგო იმ ადამიანებმა, ვისაც ძალიან ეჩქარებოდა ამ გადაწყვეტილებისთვის მიეცა ხმა.

ესეც სისუსტის დემონსტრირებაა, ესეც გადაბიჯებაა კონსტიტუციური პრინციპის. მე არაფერი აღარ მიკვირს ამ პარლამენტში. ჩათვალეთ, რომ ეს პარლამენტი უბრალოდ კალენდარულად აგრძელებს მუშაობას, თორემ მას არავითარი ლეგიტიმაცია აღარ აქვს”-განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად