ბესელია: “იმედმა” ობიექტურობის ნიშა დაკარგა, არ მინდა, “რუსთავი  2” “იმედს” დაემსგავსოს

2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ სამი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ერთ-ერთი იყო “ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმე, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ“.

ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დაადგინა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა, რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში (60%), ასევე შპს „პანორამა“ (40%)  აღიარა.

“აიპრესთან”  ინტერვიუში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია აფასებს.

„მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით, თავისი შემზარავი ისტორიით, ვაზაგაშვილის საქმე უფრო  მძიმეა, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება და მეორე საქმეც, გორგაძის საქმეც წამებას, ორივე გადაწყვეტილება  „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ გადაფარა.

სამივე საქმე, რენტგენის სურათი, დიაგნოზია, თუ როგორი ძალადობრივი სისტემა ჩამოაყალიბა წინა ხელისუფლებამ და ამ სისტემის ძალადობრივი რეჟიმის შედეგები. უკვე 7 წელი გავიდა ხელისუფლების შეცვლიდან და ამ შედეგებს დღემდე ვიმკით. „რუსთავი 2“-იც ამის მაგალითია. თუმცა, პირადად „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მაგრამ, მეორეს მხრივ, მაქვს განცდა, რომ ეს ამით არ დასრულდება.

_ ევროპულ სასამართლოს, ტელეკომპანიას „რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამის გაკეთებული განცხადებები მოსამართლე  თამაზ ურთმელიძეზე (თბილისის საქალაქოს სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს პირველ ინსტანციაში იხილავდა) აბსოლუტურად დეტალურად ჰქონდა განხილული და ჩათვალა, რომ გვარამია მოსამართლესთან მიმართებით კრიტიკის ზღვარს გასცდა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში, ფაქტობრივად ნიმუშია. თქვენი აზრით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ევროსასამართლომ?

_ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალიან  საინტერესოა, ეს არ არის ერთ კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, მას პრეცედენტის ძალა აქვს, რაც ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ პრეცედენტულ გადაწყვეტილებას სხვა საქმეებზეც გამოიყენებს. ქართულ სასამართლოს შეუძლია ეს სხვა საქმეებზეც გამოიყენოს, რადგან საქმე სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვნად ჩათვალა.

კონკრეტული გვარების და ეპიზოდების განხილვით, სასამართლომ განმარტა, ევროპული კონვენციის ესა თუ ის უფლება, პრაქტიკაში როგორ განიმარტება.

მგონია, რომ ძალიან გააზრებულად არის გაკეთებული ის, რაც ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ უფრო შორს წავიდა სასამართლო და გარკვეული ფაქტების ანალიზით შეეცადა, გარკვეული სტანდარტი დაედგინა, მათ შორის ისიც, რომ გამოხატვის თავისუფლების არეალი და ფარგლები როგორ შეიძლება დაინახო.

კრიტიკა რა ფარგლებში შეიძლება დაინახო, სად შეიძლება ჩათვალოს სასამართლომ, რომ გამოხატვის თავისუფლებას სცდება ესა თუ ის მოსაზრება, ეს გადაწყვტილება მრავალი თვალსაზრისით საინტერესოა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ასამბლეაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და სხვა რამეს ვერ ვიტყვი, გარდა ერთისა – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს ყველა წევრმა ქვეყანამ და ის უნდა აღსრულდეს, ეს არის აქსიომა, მაგრამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ისტორიას ბედისწერასავით თან სდევს მესაკუთრეების ცვლილება და სასამართლოში მუდმივი დავა.

ოქრუაშვილის გამოსვლა და უკვე საუბარი იმაზე, რომ დავას „რუსთავი 2“-ისთვის იწყებს, ესევ ამ ტელევიზიის ისტორიაა, და ვფიქრობ, ეს დაუსრულებელი საჯილდაო ქვა იქნება.

მიუხედავად იმისა, სახელი და გვარი რა ჰქვია მეპატრონეს, ეს ქიბარ ხალვაშია, ოქრუაშვილია, დვალია, აქიმიძეა, ყარამანიშვილია, ვინმე სხვა თუ სააკაშვილია, მთავარი ხომ ის არის ტელევიზია როგორ უნდა იყოს?  და არა ის, ვინ არის მეპატრონე.

ყველა ხელისუფლებას როცა უჩნდება ინტერესი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ტელევიზიას დიდი ძალა აქვს. ზოგადად, ტელევიზიას საზოგადოებაზე უდიდესი ძალა და გავლენა აქვს.

რაც მე ამ ტელევიზიამ მავნო, რაც ცილისმწამებლური სიუჟეტები აქვს გაკეთებული და ბრალდებები მიმიღია, აი, როგორც გბომბავს მასირებულად, ალბათ ივანიშვილს ვერ შევედრები, ის პირველ ადგილზეა სამიზნეთა შორის, მაგრამ, მე მეორე თუ არა, მესამე ადგილზე მაინც ვიყავი წლების განმავლობაში.

საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი რას ნიშნას, როცა ტელევიზია სამიზნედ გიღებს. მაგრამ, ეს არ მაძლევს იმის უფლებას, პერსონალური განწყობებიდან გამოვიდე და ვთქვა: ახია ის, რაც ახლა ტელევიზიაში ხდება.

მინდა დავინახო, რომ ამ ტელევიზიაში თუ რამე შეიცვლება, ეთიკური სტანდარტები გასწორდება, ის რაც გიორგი გაბუნიას შემთხვევაში მოხდა, არასდროს განმეორდება… არ მინდა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”, ტელეკომპანია „იმედს“ დაემსგავსოს.

ძალიან მწყდება გული ახლა რასაც ვიყურებ, ბოლო პერიოდში „იმედი“ ისე შეიცვალა რომ, ის რაც ამ ტელევიზიაში მიყვარდა, რისთვისაც ბევრი ვიბრძოლე ამ ტელევიზიის დამოუკიდებლობისთვის, როდესაც მას პატარკაციშვილების ოჯახს ართმევდნენ, ობიექტურობის ნიშა დაკარგა და პროსახელისუფლებო გახდა.

პირადად, რაც „ოცნებიდან“ წამოვედი, პირდაპირ ეთერში აღარ მიწვევენ. ესეც ამ ტელევიზიის პოლიტიკური გავლენის მატარებელია.

ძალიან მინდა, „რუსთავი 2“ დამოუკიდებელი იყოს და ამ ცვლილებამ ისეთი რეფორმები არ მოახდინოს, რომლითაც  ჟურნალისტების გადინება დაიწყება, ახალი ემოციური, სამართლებრივი თუ პოლიტიკური დავების დაწყება, რომ ზეწოლაა ჟურნალისტებზე, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა ხდება და ა.შ.

ობიექტური კრიტიკა უნდა ისმოდეს და რაც არის, დაუფარავად გამოჩდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პ.ს. “აიპრესი” ეკე ბესელიასთან სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად