ბესელია: ჩვენი ქვეყანა საფრთხის წინაშეა, რომ ბევრი წლის განმავლობაში სამართალი აღარ იქნება

“სასამართლო კონტროლი რომ ყოფილიყო თავის დროზე, 7 ნოემბერი არ მოხდებოდა, არ მოგვიკვდებოდა ამდენი ადამიანი საპატიმროში, არ გვიწამებდნენ ამდენ პატიმარს, ამდენი ადამიანი არ გაუბედურდებოდა. სწორედ იმიტომ, რომ სასამართლო კონტროლი არ არსებობდა თავის დროზე, ამიტომ იყო ის რეჟიმი ძალადობრივი”. ​ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გამართა.

ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარი გარანტი, რომ ადამიანები იყვნენ დაცული, არის სწორედ გამართული, დამოუკიდებელი სასამართლო.

“დღეს, როდესაც მაკო გომურის და გიორგი სულაშვილის თვალის ჩინი ემსხვერპლა მორიგ უკანონობას და ისევ სასამართლოს სისუსტემ განაპირობა ის, რომ მათ დღეს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ, კიდევ უფრო ამძაფრებს იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ყველანი ვდგავართ. აი, ამ 20 კაციან სიაში 15 არის ის მოსამართლე, რომლებიც სწორედ იმ რეჟიმს აძლიერებდა და იმ უსამართლობას ქმნიდა. ის 10 კაციანი სია შევაჩერეთ. მაშინ ეს მოხდა გარე დიდი საპროტესტო აქციების თუ გარე დიდი წნეხის გარეშე, თუმცა საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფი ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიოდა. 20 კაციანი მოსამართლეების სია, რომლის არჩევის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, რომ ბევრი წლის განმავლობაში აღარ იქნება სამართალი, ბევრი წლის განმავლობაში აღარ იქნება გარანტია, რომ კონსტიტუციურად იქნებით დაცული და ბევრი წლის განმავლობაში შეექმნება საფრთხე თქვენს ყოველდღიურობას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა და საფიქრალი. ამ პროცესმა აჩვენა, რომ ეს სია არ შეიძლება იყოს საქართველოს და თქვენი მომავალი”.

​შეგახსენებთ, პარლამენტში იუსტიციის საბჭოს მიერ დასამტკიცებლად გადმოგზავნილი უვადო მოსამართლეების მოსმენა ხვალ სრულდება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს კენჭი პარლამენტმა მომავალ სასესიო კვირაში უნდა უყაროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად