ბესელია: ამ მდაბიო მეთოდის გამოყენებას ველოდი… ჩანაწერის გავრცელების I მცდელობა ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა

ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებთან დაკავშირებით გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა, როცა ამ ჩანაწერის გავრცელების შესახებ შეიტყო.

“სიმართლე გითხრათ ამ მდაბიო და სამარცხვინო მეთოდის გამოყენებას ველოდი. მეც ალბათ იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც ბევრი რამე გავლილი აქვს პოლიტიკაში, ბრძოლაში, განსაცდელები და ა. შ. ამის გამო შინაგანად უფრო ძლიერდები და უფრო მზად ხვდები ასეთ მორალურ ტერორსაც კი. ასეთი რამე წარმოუდგენლად ვიგრძენი და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. როცა ოჯახურ სივრცეში გაკეთდა ეს ჩანაწერი. მაშინვე გავიგე, რომ ასეთი ჩანაწერი ჰქონდა იმ ხელისუფლებას. ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე მოვიდა შეტყობინება. იყო მუქარის წერილი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადავეცი ჩვენს სამართალდამცავებს. ვიცოდით, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიდან ყველას თვალთვალი ხდებოდა, ვისაც სად მოახერხებდნენ, რომ ჩაეწერათ. მათ ეს ვერ გამოიყენეს, რადგან შინაარსობრივად არ იყო მათთვის ღირებული, მაგრამ ეს იყო შანტაჟის ფორმა და ფსიქოლოგიურად გატეხვის.

ამ ჩანაწერის გავრცელების პირველი მცდელობა მოხდა ჩვენი ხელისუფლების დროს. შემდეგ დააკავეს რამდენიმე ადამიანი, საკმაოდ დიდ ხანს გავრცელდა ეს პროცესი. ამ ჩანაწერის ძირითადი მტკიცებულება დევს სისხლის სამართლის იმ საქმეში, რომელიც სასამართლოშია განსახილველად. ახლახანს დასრულებულა სააპელაციო სასამართლოში განხილვა, არ ვიცი გაგრძელდება თუ არა უზენაესში. ამ ყველაფერში მთავარია რისთვის კეთდება ეს. როცა ვამბობ, რომ ველოდი ეს ნიშნავს, რომ ვიცოდი ეს ჩანაწერი არსებობს, საქმეში დევს როგორც მტკიცებულება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როცა სასამართლოზე საუბრობს მინიშნებას აკეთებს? – პასუხობს:

“ფაქტებს ვამბობ ჯერ-ჯერობით. მაგრამ დიდხანს არ ვაპირებ ვიყო ამ პოზიციაში, რომ არ მქონდეს ღიად სურვილი და მზაობა, რომ ამაზე შეფასებები გავაკეთო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...