ბესელია: 12 წლამდე და 135 სმ-მდე ბავშვისთვის, ავტომანქანაში საბავშვო ეტლი უნდა იქნეს გამოყენებული

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებას ეხება. ამის შესახებ ბესელია სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე წერს.

“დღეს პარლამენტს მხარდასაჭერად ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ვთავაზობთ:

კანონის პროექტი, რომელიც ეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებას.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუმცა ეს შემდეგი ეტაპი გახლავთ, რათა დროულად მოემზადონ.

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი ადასტურებს.

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პროექტის მომზადების დროს შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სამართლებრივი რეგულაციები.
ეს ინიციატივა ეხება ბავშვებია სიცოცხლის და ჯამრთელობის დაცვას! ეს კეთდება თქვენი შვილებისთვის!
მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას, ვისთან ერთადაც ვიმუშავეთ. იმედი მაქვს, პარლამენტი ამ ინიციატივას მაინც დაუჭერს მხარს.

პ.ს ტელეკომპანია “იმედმა” ეს ინიციატივა დილის საინფორმაციო ეთერში ისე გაახმოვანა, რომ არც კი გვახსენა ინიციატორები (ჩემი და ზვიად კვაჭანტირაძის გვარი) ეს ისე ..”,-წერს ეკა ბესელია სოიციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად