ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება იმართებოდა – შრომის ინსპექციამ 22 000 ლარის ჯარიმა გამოწერა

მიმდინარე წლის 10-11 აპრილს შრომის ინსპექციის სამსახურმა მთავრობის #322 დადგენილების დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

კერძოდ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება იმართებოდა, სადაც მოქმედი რეგულაციების უხეში დარღვევით, ადგილი ჰქონდა დიდი რაოდენობით მოქალაქეების შეკრებას.

შრომის ინსპექციამ გამოავლინა დარღვევის ჩამდენი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აკრძალულ ღონისძიებას და მთავრობის #322- დადგენილების შესაბამისად, არ განახორციელეს სავალდებულო შეტყობინება.
აღსანიშნავია, რომ დამრღვევი პირები ერთგვარი სქემის მიხედვით მოქმედებდნენ და იჯარისა და ქვეიჯარის ხელშეკრულებების სიმრავლის გამოყენებით, ცდილობდნენ ფართის გადაცემის რეალური მიზნის შენიღბვას, აკრძალული აქტივობის ორგანიზებისა და ხელშეწყობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. ამასთან ზემოაღნიშნულ ობიექტზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაფიქსირდა ანალოგიური დარღვევის სამი ფაქტი, რაზეც გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდნენ აქტივობის ორგანიზატორები. თუმცა, მიუხედავად წინარე არაერთი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისა, შესაბამისი ინფორმაციის ფლობის პირობებში, ამჯერად ფართის მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელების მხრიდან უგულებელყოფილი იქნა მთავრობის #322 დადგენილების მოთხოვნა აკრძალული საქმიანობისათვის ფართის გადაცემისა და შეტყობინების განხორციელების თაობაზე.

ყველა კომპანია თუ ფიზიკური პირი, ვინც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ჩართული იყო ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის სქემაში, ამსრულებლის ან თანამონაწილის სახით, დაჯარიმდა ჯამში 22 000 ლარის ოდენობით, კანონით დადგენილი წესით. ხოლო, ობიექტი, სადაც იმართებოდა სოციალური ღონისძიება, დარღვევის კრიტიკული შეუსაბამობისა და არაერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით, ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა.

ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში, შრომის ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ეფექტიანი კოორდინაციის გზით, აგრძელებს აქტიურ მონიტორინგს მთავრობის #322 დადგენილებით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

📢 მოვუწოდებთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ ჩაერთონ მსგავს სოციალურ ღონისძიებებში.

❗️ რაც შეეხება, ფართის მფლობელთა და სოციალური აქტივობის ორგანიზატორთა მცდელობებს – თავი აარიდონ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამისთვის მრავალფეროვანი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებისა თუ ფაქტობრივი გარემოებების დაფარვის გზით, შრომის ინსპექცია კვლავაც უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების აღსრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და გაატარებს სათანადო ღონისძიებებს, რათა მომავალში მაქსიმალურად აღკვეთოს მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევის ფაქტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...