ბერძენიშვილი: კობახიძის განცხადება პოლიტიკური უმწიფრობა იყო და ეტყობა სისხამ დილით მოსცხეს

ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე 45%-ს აიღებენ და თუ ასე ვერ მოხდა, მაშინ შესაძლოა კოალიციის შექმნა შეუძლებელი გახდეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნები, რომელიც 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. ეს იყო გზავნილი პატარ-პატარა პარტიებისთვის, რომ თუ ჩვენთან კოალიციას არ შექმნით, კოალიციაში, მაშინ ვადამდელ არჩევნებზე წავალთ და სულ გარეთ დარჩებითო, – ამის შესახებ „აიპრესს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ზღვარი 40%-ია.

„თუმცა ეტყობა ირაკლი კობახიძეს სისხამ დილით მოსცხეს, ცივი შხაპი მიიღო მან და უთხრეს რა 45%-იო და აგერ ამ დილით ბრძანა, რომ 60%-ს მივიღებთ „ქართული ოცნებაო“, 20%-ს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთადო და 20%-ს დანარჩენი პარტიებიო. ანუ, როგორც ჩანს, მას მწარედ უსაყვედურეს გუშინ მიცემული აღიარებითი ჩვენებისთვის.

ზღვარი რაც მიღებული აქვს ქართულ ოცნებას, ეს გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურით და ეს არის 40%. 40%-ს ხომ არ იტყოდა და ამიტომ 45% თქვა. გასაგებია, რომ წვრილ-წვრილ პარტიებს უთხრა, რომ ჩვენთან თუ არ შემოხვალთ კოალიციაში, მაშინ ვადამდელ არჩევნებზე წავალთ და სულ გარეთ დარჩებითო.

პრაქტიკულად ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო მეტი პარტია აცხადებს საჯაროდ, რომ არ შექმნის ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას. როცა ამ განაცხადს ხელი მოაწერა ალეკო ელისაშვილმაც და მამუკა ხაზარაძემაც, ასეთ დროს დარჩა რამდენიმე წვრილი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ჯერჯერობით ყოყმანობენ, მაგრამ პრაქტიკა ისეთია, რომ პრორუსი ინაშვილის გარდა არც იქნება რომელიმე ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ივანიშვილის კოალიციისთვის მაშველი რგოლი იქნება. შესაძლოა ამ პარტიებს დაემუქრა ასეთი განაცხადების გაკეთებისგან თავშეკავებისგან, მაგრამ ასეთი აღიარებითი ჩვენება პოლიტიკური უმწიფარობის გამოვლენა იყო, ამიტომაც დღეს თქვა, რომ 60%-ს ავიღებთო.

მან ისიც თქვა, რომ პროგნოზებში არასდროს არ ვცდებიო. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პირველივე ტურში გამარჯვებას ზეიმობდნენ „ოცნების“ წევრები და რა ის არ აღნიშნავდა პირველ ტურში გამარჯვებას? რაღაც არ მახსოვს. მერე აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს 40%-იც არ ჰქონია, არათუ 53%. მოკლედ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ: ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად