ბერძენიშვილი: ხელისუფლება ირჩევს მცდარ ტაქტიკას, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეთა დაბრუნების პროცესი გაწელოს

იძულებული ვარ ვიფიქრო, რომ ხელისუფლება საქართველოში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, შესაფერხებლად ირჩევს მცდარ ტაქტიკას – რაც შეიძლება გაწელოს საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების პროცესი, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი Facebook-ში წერს:

“მთავრობავ, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა შენი მოვალეობაა საქართველოშიც და უცხოეთშიც!!!

კვირაზე მეტია, რაც მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლება სპეციალურად აჯანჯლებს ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას სხვა ქვეყნებიდან. საზღვარგარეთ ინფიცირებული( ყოველ შემთხვევაში, გამოვლენილი) 35 ჩვენი მოქალაქიდან 5 გარდაიცვალა… 14%. უზარმაზარი პროცენტია- იტალიაშიც კი ნაკლებია მნიშვნელოვნად პროპორციულად დაღუპულთა მაჩვენებელი.

იძულებული ვარ ვიფიქრო, რომ ხელისუფლება საქართველოში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, შესაფერხებლად ირჩევს მცდარ( მეტი რომ არ ვთქვა) ტაქტიკას – რაც შეიძლება გაწელოს საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების პროცესი. როგორც ჩანს, ვერ ააწყვეს მათი კარანტინში აქ მოთავსების, ტესტირების და მკურნალობის საკითხი. და მიიღეს, როგორც ვვარაუდობ, ეს მარტივი, დრაკონული გადაწყვეტილება – ჩატოვონ რაც შეიძლება მეტხანს რისკის განუზომლად სახიფათო პირობებში და ქვეყნებში ისედაც დაუცველი, მოწყვლადი, უსახსროდ და უსახლკაროდ ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეები…

ეს მიზანმიმართულად ხდება თუ ასე გამოდის, არცაა არსებითი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ვალია, განვახორციელოთ შეტევა, შტურმი სოციალური ქსელით, მედიით ხელისუფლებაზე. ვაიძულოთ, რომ სამ დღეში ერთხელ კი არა, დღეში სამი რეისით ჩამოიყვანოს ხალხი.

არაა ეს ფინანსური პრობლემა არანაირად. ერთი რეისი თუ დაახლოებით 150 ათასი ჯდება და 100 ადამიანის წამოყვანა შეიძლება ერთი რეისით, სულ რამდენიმე ათასი მსურველის ჩამოყვანას რამდენიმე მილიონი სჭირდება. არც დახმარების შემოთავაზება მიიღო და არც თავად განახორციელო, ეჭვის საფუძველს ზრდის… ვარშავიდან რეისის გუშინდელი გადადებაც ხომ დამაფიქრებელია….

მთავრობავ, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა შენი ვალდებულებაა აქაც და იქაც!!!” – წერს დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად