A1 ბანერი

ბერძენიშვილი: ბიძინას მიშას მხარდაჭერის გარეშე ვერ შევცვლით, მას ვერც მარტო მიშას მხარდამჭერები შეცვლიან

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა რეალისტურია, თუმცა ბერძენიშვილი ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობას აუცილებლობას უსვამს ხაზს.

როგორც ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ივანიშვილის შეცვლა ვერ მიხეილ სააკაშვილის გარეშე მოხერხდება და ვერც მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერები შეძლებენ ამას. პოლიტიკოსი ხელისუფლებების შეცვლის პროცესში „რესპუბლიკური პარტიის“ მნიშვნელოვან როლსაც უსვამს ხაზს.

„კი იწელება ხოლმე ხელისუფლებების გაშვება, მაგრამ მაინც ხერხდება. შევარდნაძემ 10 წელი გაძლო. სააკაშვილი 9 წელი იყო, რომელსაც დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც ჰქონდა. ენერგიულიც იყო. ბევრი პოზიტიური რამე გააკეთა. დღემდე მუშაობს პატრული, საბაჟო, საზღვარი. მაგრამ, როგორც კი ზღვარს გადასული გახდა მისი შეტევა საზოგადოებაზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე… კი დრო დასჭირდა, მაგრამ უკვე 2007 წლის არჩევნების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა და წამყვანმა ცენტრებმა – თბილისმა და სხვა ქალაქებმა მას უარი უთხრა ოფიციალური შედეგებითაც კი. მერე იყო ნარჩენი მოვლენა მისი ხელისუფლების გაწელვა. ამის მიუხედავად „ნაცმოძრაობა“ როგორც ნახელისუფლარი პარტია გადარჩა. გაიყო თუ რაც იყო, ასეა თუ ისეა ეს მოცემულობაა, რომ დღეს არის ერთი დიდი და ერთი საშუალო პარტია. ამას გათვალისწინება უნდა.

ივანიშვილი უკვე აღარ მაინტერესებს. მისი ყოველი გამოსვლა ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. მე მაინტერესებს ის, რომ ნელ-ნელა, მორცხვად, ხანდახან არც თუ პატიოსნად, ხანდახან კი პატიოსნად მიმდინარეობს იმის გააზრება, რომ რა ნაბიჯიც გადავდგით რესპუბლიკელებმა ამ ე. წ. შუაშისტური ფრთიდან, არამიშისტურ და არაბიძინისტური ფრთიდან სწორია. როგორც კი გამოჩნდა ძალა პირველი ტურის შედეგებით ჩვენ დავუჭირეთ მხარი გრიგოლ ვაშაძეს“, ამბობს ბერძენიშვილი.

პოლიტიკოსის განნცხადებით, მათი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს უწყობენ ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამრავალფეროვნებას და ცვლილებას.

„მიშაზე სანახევროდ არის დამოკიდებული ბიძინას გაშვება. მეორე ნახევარმა – არამიშისტები, ანტიმიშისტები და ა. შ. არიან უნდა ვიფიქროთ, რომ მიშას და მისი მხარდაჭერის გარეშე ბიძინას დამარცხება არ გამოდის და ასევე ის, რომ მხოლოდ მიშას მხარდამჭერები ბიძინას ხელისუფლებას ვერ შეცვლიან. ვაშაძისთვის მიცემულ 800 000 ხმაში ნახევარზე მეტი ანტიმიშისტური ხმებია პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც.

მიშა არ მოვა ვერ მოვა. საკუთარი რესურსი არ ჰყოფნის ბიძინას დასამარცხებლად. მიშას გარეშეც არ გამოდის. ამიტომ თანამშრომლობა ნაციონალური მოძრაობასა და მის სტაჟიან ოპონენტებს შორის ნიშნავს ბალანსს. ეს ნიშნავს, რომ ვერ მოდის მიშა. შემთხვევით ხომ არ არის, რომ ენმ-შიც დაიწყო განახლების პროცესი და თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ვაშაძე. აჩვენა, რომ ნაცმოძრაობა მარტო მიშასი აღარ არის. ნაციონალური მოძრაობის და მისი ოპონენტების თანამშრომლობის ისეთი ფორმატი თუ მოიძებნება, რომელიც ერთმანეთს დააბალანსებს. ვერც მიშა მოვა და ვერც ანტიმიშისტები ცალკე აღებული. მოსვლის პირობებში კი კოალიციური იქნება მმართველობა და მრავალპარტიული საქართველოს პოლიტიკა 30 წლის მერე მაინც.

ასეთ ვითარებაში ბიძინას დამარცხება ნორმალური ძალით შესაძლებელი იყო. ბიძინას შეეძლო მის მიერ შექმნილი მრავალპარტიული პოლუსიდან მრავალპარტიულობისკენ წასულიყო. ჩვენ და თავისუფალ დემოკრატებს გვინდოდა, რომ ის გადაგვეზარდა მრავალპარტიულობაში. ბიძინას უნდოდა ერთპარტიულობა“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

ამასთან დავით ბერძენიშვილი ახალი ხელისუფლების პროცესში „რესპუბლიკური პარტიის“ განსაკუთრებულ როლსაც უსვამს ხაზს.

„რესპუბლიკელებს ახალ ხელისუფლებაში თავისი წვლილი შეაქვს სწორედ ლიბერალური დემოკრატიული, ევროპული სტანდარტების პირველ ხანებში მაინც დამკვიდრებაში. როგორც ჩანს, ჩვენს მოკრძალებულ წვლილს კვლავ შევიტანთ. ჩვენ ვიქნებით, სხვა იქნება, ჩვენთან ერთად იქნება თუ ჩვენს გარეშე ეს პროცესი საქართველოში მიმდინარეობს. ამიტომ არის მოთხოვნილება ჩვენზეც. თორემ, ჩვენ ელექტორალურად და ორგანიზაციულად არ ვართ ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი. მაგრამ, სადაც ჩვენ ვართ, იქ რომ ნდობა გაცილებით დიდია, ამას ხედავენ დღევანდელი წამყვანი ოპოზიციური ძალები. ჩვენც ვაღიარებთ, რომ წამყვანი ოპოზიციური ძალა არა ჩვენ, არამედ განახლების პროცესში მყოფი ნაციონალური მოძრაობაა.

ჩვენ ვახერხებთ ნორმალურ ურთიერთობას ევროპულ საქართველოსთან. ისინიც, ხომ მისი განაყოფები არიან?! ვინც პასუხისმგებელი იყო წინა ხელისუფლების დროს ერთი ჰოლანდიაშია, დანარჩენები ძირითადად ევროპულ საქართველოში, 1-2 კი ციხეში. ამიტომ, რაც გვაერთიანებს სამომავლოდ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარსულის ტყვეობაში ყოფნა.

არც იმის შემშინებია თავის დროზე, რომ სააკაშვილთან ერთად შევარდნაძის და აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყე. შევარდნაძის პარტიაში 6 წელი მყოფ სააკაშვილთან ერთად დავიწყე ბრძოლა… ამ იარლიყების არ შემშინებია. არც იმის, რომ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან რესპუბლიკელებს რა უნდოდათ და ა. შ. ზღვარს გადასული, ავტორიტარული,  სახიფათო სააკაშვილის ხელისუფლება რომ დაგვემარცხებინა ამისთვის გავაკეთეთ ეს.

ახლაც არ მაქვს არანაირი კომპლექსი იმის, რომ ვაიმე ახლა რესპუბლიკელები „განაცდნენ“. რამდენიც უნდა თქვან. ჩვენ შეგვიძლია პარტნიორობა პოლიტიკურ ძალებთან ქვეყნის მომავლის გათვალისწინებით. 1978 წლიდან ვარსებობთ და საკმაოდ მყარი პოზიცია გვაქვს იმისთვის, რომ ვინმემ რამე ვერ დაგვაბრალოს. დაბრალებით ყველა ხელისუფლება რაღაცას გვაბრალებს, მაგრამ ამ დაბრალებით ვინმემ დაგვაქციოს და შეგვაშინოს ასეთი რამე არ მოხდება“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...