ბერაია კახიძესთან ინციდენტზე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას

ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ მასსა და “ევროპული საქართველოს” წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძეს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო განაცხადა.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოთარ კახიძეს უნდოდა, კომიტეტიდან წასულიყო და ასეთი კრეატიული საშუალება მოიფიქრა ამისთვის.

ვსაუბრობდი, მქონდა ჯერ კომენტარის გაკეთების სურვილი, შემდეგ მინდოდა შეკითხვა დამესვა, რისი საშუალებაც მან არ მომცა, მივუთითე კორექტულობისკენ, რასაც ინციდენტი მოყვა. მაშინ როცა ვსაუბრობდი, ის საუბარში ჩაერთო და კორექტულობისკენ მოვუწოდე. თუ მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება შეგინებაა, ჩათვალეთ, რომ შეგინებულია”,-განაცხადა ბერაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოიხდიდა თუ არა ბოდიშს, როგორც ოთარ კახიძე, ბერაიამ განაცხადა:

“სწორად მოქცეულა ოთარ კახიძე, თუ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. რაც შეეხება ბოდიშს, ჩვენ გვქონდა სხდომა საკმაოდ სერიოზულ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელის შემშლელი გარემოება საზოგადოებისთვის ერთგვარი შეურაცხყოფის მიყენებაა. ვინაიდან და რადგანაც მე ამ პროცესის მონაწილე ვიყავი და ერთგვარი პატარა ინციდენტი შეიქმნა, ამისთვის  საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი“, -განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...