ბექა სირაძე: ზეწოლა, რომ გავეჩუმებინეთ არ ყოფილა, მაგრამ ვიღაცები რჩევით ცდილობდნენ ჩვენ გადარწმუნებას

ზეწოლა, რომ გავეჩუმებინეთ არ ყოფილა, მაგრამ ვიღაცები რჩევით ცდილობდნენ ჩვენ გადარწმუნებას, – ამის შესახებ 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმამ ბექა სირაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იყო აღძრული და სასჯელს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი იხდიდა.

“არა, ასე უშუალოდ პირდაპირ ჩარევა, რომ რაიმე საშუალებით ეცადათ ჩემი გაჩუმება, ასეთი რამე არ ყოფილა. უბრალოდ იყო ისეთი ხალხი გარემოცვაში, რომლებიც რჩევის სახით ცდილობდნენ, რომ რაღაცებში გადავერმუნებინეთ. მოგეხსენებათ, რომ სისტემის თანამშრომლები ყოველთვის პოულობენ ვიღაცას. ასე ზეწოლა ნამდვილად არ ყოფილა. მე ტყუილს ვერ ვიტყვი. რაც არ ყოფილა, იმაზე ვერაფერს ვიტყვი”, – ამბობს სირაძე.

კითხვაზე, რას აპირებს ოჯახი ახლა, ლუკა სირაძის ძმა ასე პასუხობს:

“რა სამართლებრივი მექანიზმებია არ ვიცი. საია გაგესაუბრებათ ამაზე. მეც მათთან უნდა გავიარო დეტალები. როგორც ვიცი, რაღაც ეტაპზე უდოს კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეიძლება და თუ რაიმე სხვა ბერკეტი არსებობს ამისთვის, აუცილებლად გამოვიყენებთ. მარტო ჩვენ კი არა, ჩემი აზრით ეს ყველამ უნდა მიიტანოს გულთან ახლოს. როცა ფაქტის წინაშე დავდექით, მაშინ ავმოქმედდით, შევქმენით ბავშვთა სასამართლეობი და ა. შ. ამით გაგვაჩუმეს ალბათ. მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ და ამ დროს გამოვიდა, რომ კი არ ვსწავლობთ, ვიტყუებით”, – თქვა ბექა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, ჩოლოიანი პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 7 სექტემბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის დეკემბერში შეუფარდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.

კომენტარები
იტვირთება...