ოდიშარია: პოლიცია გადაეფარა დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ ინსტიტუციას, რომლის ჩამოშლის ერთი სული აქვთ ადამიანებს

ამის შეახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ დღეს ამ პოლიტიკურ ორგანოში ყველაზე ნაკლებად არის დრო პოლიტიკური ქულების ჩაწერის. ყველას კარგად გვესმის რაც ხდება გარეთ და ვინც აპირებს ამ ღირსეული ადამიანების გულწრფელი პროტესტით სარგებლის ნახვას. ამიტომ, აქ მსხდომ კოლეგებს, ყველას, უმრავლესობიდან, დამოუკიდებლებს თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს მინდა მოგმართოთ გულწრფელად. დღეს ერთმანეთზე მოქნეული ხელი ხვდება საქართველოს. ამიტომ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ქვეყანას გავუფრთხილდეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არის მოცემულობა ასეთი, არის მმართველი გუნდი „ქართული ოცნება“ მისი მომხრეებით, ხოლო ოპოზიციურ ფლანგზე სამწუხაროდ, და ეს ყველამ კარგად იცით, დომინირებს ძალა, რომლის პრინციპი არის მხოლოდ ერთი, ან მე ვარ ხელისუფლებაში, ან წარღვნა. თუ მე ვარ ხელისუფლებაში პოლიციელი გმირია, თუ მე არ ვარ ხელისუფლებაში, პოლიციელი ჯალათია და დამნაშავეა. ეს არის მოცემულობა.

ამიტომ, ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე. ხალხის ხმას უნდა დავუგდოთ ყური და ადამიანების შეკითხვებს გავცეთ ადეკვატური პასუხები. თუ ქრონოლოგიურად გავყვებით და გულწრფელები ვიქნებით, აქ იმ კაცის აღმოჩენა სავარძელში, მე არ ვიცი ამას რა დავარქვა- იდიოტიზმი თუ უპატიებელი შეცდომა, მაგრამ უპატიებელი შეცდომაც კი არ არის მომაკვდინებელი ცოდვა, არამედ შეცდომაში გაჯიუტება არის მომაკვდინებელი ცოდვა. არ გაჯიუტდა ეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ და გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე. მადლობა მინდა მას კიდევ ერთხელ ვუთხრა ღირსეული ნაბიჯისთვის. აღარ ვლაპარაკობ დეპუტატზე, რომელმაც ასევე დატოვა მანდატი. რა მივიღეთ შედეგად, მივიღეთ ადამიანების პროტესტი და აქაც არ უნდა ავრიოთ. არის ცდა იმ ხალხის, ვისაც აწყობს, რომ ყველაფერი ერთ ჭურჭელში ჩაყაროს და ერთად მოხარშოს ყველაფერი.

როგორ არ უნდა გავყო ადამიანების პროტესტი, რომელსაც ჩვენ ვხედავდით და რომლის საპასუხოდაც ჩვენ დელეგაციაც გავუშვით აქედან, ასამბლეაც ჩავშალეთ და ა.შ. და როგორ არ უნდა გავყო ერთმანეთისგან ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ, გვლანძღავდნენ, უკიდურესი სიტყვებით შეიძლება გვიხსენიებდნენ, მაგრამ იმ ადამიანებისგან, ვინც ყრუდ დაცვაში ჩამდგარ პოლიციას, ახალგაზრდა ბიჭებს, ჩვენი ქვეყნის დამცველებს და პოლიციელი ყოველთვის გმირია, არ არის მნიშვნელოვანი რომელი ხელისუფლებაა სათავეში, თუ ის ასრულებს კანონიერ ბრძანებას, რომ იტაცებდნენ იქიდან, რიგებიდან, ხდიდნენ მათ ჩაფხუტებს და თავიანთი ოჯახების წინაშე და მრავალ ასიათასიანი აუდიტორიის წინაშე თავყბას ამტვრევდნენ. რა თქმა უნდა, რაც მოხდა შემდეგ და რაც ვნახეთ, შემზარავია, რომ ვიღაცას დამიზნებით მოხვდა. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ვიღაცამ ვიღაცას დამიზნებით ესროლა, მაგრამ მესმის რომ ჩემი ნებისმიერი არგუმენტი აქ არაფრის მთქმელი იქნება. ამიტომ, შეუჩერდათ უფლებამოსილება ადამიანებს, ვისზეც არის ეჭვი. გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს.

მე არ ვიცი რა პასუხს გავცემ უბრალოდ მაკო გომურს, მაგრამ დანარჩენ კითხვებზე პასუხს გავცემ, მათ შორის იმ უსინდისოებსაც, რომლებიც 9 აპრილს ადარებდნენ. მართლა სად იყვნენ. მე იქ ვიყავი, 9 აპრილს იქ ვიყავი, მამაჩემთან ერთად იქ ვიყავი და ეს ბავშვები ახლა რომ გამოდიან, 25-ე კადრად ჩემს შვილებს ვხედავ, როცა ეს ბავშვები გამოდიან, მაგრამ როცა იმ პოლიტიკოსებს ვხედავ, რომლებიც იძახიან რომ 9 აპრილს ქართული მილიცია იცავდა და ახლა თურმე პოლიცია თავს ესხმოდა,იმათ იცი რას ვეტყვი-არის 9 აპრილსა და გუშინდელ და გუშინწინდელ მოვლენებს შორის საერთო, პოლიციელები არ იყვნენ არსად ნაცემი და ნაბეგვი და მე მაშინ მაგარი გალახული ვიყავი და მოხვდა ისევ ამ ბავშვებს.

მოხვდათ და დაზარალდა ხვალინდელი დღე, როგორც მაშინ, 9 აპრილს მოგვხდა და დავზარალდით საქართველოს მომავალი და პოლიცია, ქართული მილიცია უფრო სწორად მაშინ იცავდა ადამიანებს, რომელიც იბრძოდა იმ მონაპოვარისათვის, რომელსაც გუშინ და გუშინწინ გადაეფარა ჩვენი პოლიცია. გადაეფარა დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ ინსტიტუციას, რომლის ჩამოშლის ერთი სული აქვთ ადამიანებს. მერე ისე კი არ მოხდება ჩემო ძვირფასებო, როგორც ჩვენ გთავაზობთ, დამოუკიდებელ დეპუტატებს და სხვა ოპოზიციას მივმართავ, რომ მოხდება ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნები, არა მოხდება ისე, როგორც ერთხელ მოხდა, გადაყირავდება ეს ქვეყანა და მერე ყველაფერი ან მათი იქნება, ან წარღვნა იქნება“ -განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად