ბექა ნაცვლიშვილი არჩილ თალაკვაძეს: ბოსი ვინ არის თქვენთან, საარჩევნო კამპანია ვის მიყავს?

პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ბექა რამიშვილი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მისი ფრაქციის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის განხილვის საკითხზე დაუირისპირდა.

“მინდა, რომ რეზოლუციაზეც მკაფიო პოზიცია დავაფიქსიროთ თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომ მერე აღარ განმეორდეს ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერების წინააღმდეგ, რაც ხორციელდება, ახლა ნუ მეტყვით დაასახელეთო. ძალიან რთული იქნება დასახელება, რადგან იმ ადამიანების სამუშაო ადგილებს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ, შეიძლება, მათი ჯანმრთელობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ.

მაგალითად, ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერის ოჯახის წევრი, რამდენიმეს დაურეკეს, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობდნენ. ზოგიერთებს დაავალეს, რომ სამკუთხედით შემოხაზეთ, ოთხკუთხედით და Q-თი, რომ გავარჩიოთ თქვენი ხმები იყო თუ არაო. ამის არ განმეორებაზე ვლაპარაკობთ ბატონო არჩილ. ტელევიზიაც თქვენ გაქვთ, ყველაფერი თქვენ გაქვთ და ეს მაინც რაში გჭირდებათ, რომ ამ მეთოდებით შემოხვიდეთ ამ ბრძოლაში. ძალიან რთულია, რომ რომელიმე ადამიანი საჯაროდ გამოვიყვანოთ და ვათქმევინოთ, რომ კონკრეტულმა პირმა მასზე მოახდინა ზეწოლა, ამასაც გავარისკინებთ ამ ადამიანებს, მაგრამ პოლიტიკური ფასი რა იქნება?! – ვინ გადადგება, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?! ბოსი ვინ არის თქვენთან, საარჩევნო კამპანია ვის მიყავს? – თუ თქვენ მეტყვით, რომ მაგალითად, ეს პირი პასუხისმგებლობას აიღებს, მე შემიძლია ვათქმევინო ვინ განახორციელა მასზე ზეწოლა და რა ფორმით“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

არჩილ თალაკვაძემ ბექა ნაცვლიშვილს უთხრა, რომ მას კანონი ავალდებულებს მსგავსი ფაქტების შესახებ შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინოს, იმისგან დამოუკიდებლად ვინმე ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს და გადადგება თუ არა.

„აქ თქვენ არჩევანი არ გაქვთ, თუ ის გადადგება, თუ ეს გადადგება. კანონი პირდაპირ გავალდებულებთ, რომ ასეთი კანონდარღვევების შესახებ აცნობოთ შესაბამის ორგანოებს. ამიტომ თუ გაქვთ ასეთი მტკიცებულებები, მიმართეთ, რადგან თუ ასეთი რამ მართლაც ხდება, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, მაშინ ამას შესაძლოა, ჰქონდეს პრევენციული ეფექტი, თუ მართლაც გაქვთ ასეთი ფაქტობრივი მტკიცებულებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად