ბექა მინდიაშვილი: უკრაინის ავტოკეფალიის პროცესი რუსული იმპერიალიზმისთვის დარტყმაა! (ინტერვიუ)

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის პროცესის აღდგენით, მართლმადიდებლობას ეძლევა შანსი გათავისუფლდეს რუსული პოლიტიკური გავლენისგან და დაუბრუნდეს თავის საწყისებს-ქრისტიანობას და სამყაროს სახარაბისეულ აღქმას.

როგორც ბექა მინდიაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს პროცესი რუსული იმპერიალიზმისთვის დიდი დარტყმაა.

თეოლოგი იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენისთვის მხარი უნდა დაეჭირა, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოსაც გამოვლილი აქვს ეს პროცესი 200 წლის წინ.

სტამბოლში მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენის პროცესი დაიწყო. კერძოდ, რუსეთს, 6 საუკუნის წინ მინიჭებული უკრაინის ეპისკოპოსის იკონომიით დანიშვნის უფლება გაუუქმეს. ამ საკითხზე “აიპრესი” ბექა მინდიაშვილს ესაუბრა:

უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენის პროცესს როგორ შეაფასებთ?

შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინისთვის უდიდესი მიღწევა, ვთქვათ ათასწლეულის მიღწევა, უკრაინის ეკლესიის სამართლიანობის აღდგენა და ა. შ.

ეს არის ზოგადად მართლმადიდებლური და ქრისტიანული სამყაროს კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბოლო ათასწლეულის განმავლობაში გადადგმულა.

რატომ?

იმიტომ, რომ ამ ნაბიჯით ფაქტობრივად საფუძველი მოერყა და მოერყევა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბატონობას მართლმადიდებლურ სამყაროზე. ვინაიდან რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური შინაარსი აქვს.

რუსეთის იმპერიალიზმი ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანდა რუსეთის ეკლესიასთან მიმართებით. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების აქტის შემდეგ რუსული ბასტიონი დაინგრევა, რასაც მოყვება სავარაუდოდ სხვა ნაბიჯებიც.

სხვა ნაბიჯებში პოლიტიკურს გულისხმობთ?

ჩემთვის პოლიტიკური არ არის მთავარი. ჩემთვის არის წმინდა რელიგიური საკითხები. იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას ეძლევა შანსი გათავისუფლდეს რუსული პოლიტიკური მართლმადიდებლობისაგან და დაუბრუნდეს თავის საწყისებს, დაუბრუნდეს ქრისტიანობას და სამყაროს სახარაბისეულ აღქმას. მართლმადიდებლობა თავის თავს აღიქვამს, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ამა თუ იმ სახელმწიფოების ხელში. ეს საკითხი ხელს უწყობა ამ აღქმის ჩამოშლას და ქრისტიანობისკენ დაბრუნებას. გეოპოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გეოპოლიტიკურ კონტექსტშიც რომ შევხვედოთ, არის თუ არა ეს რუსეთისთვის დარტყმა?

რა თქმა უნდა არის. რუსული იმპერიალიზმისთვის ამ თვალსაზრისით დარტყმაა. სავსებით ცხადია, რომ რუსულმა აგრესიულმა პოლიტიკამ, მისმა მილიტარისტულმა და იმპერიალისტურმა პოლიტიკამ მეზობლებისადმი და ერთმორწმუნე ერისადმი უზარმაზარი დარტყმა მიიღო.

გაცილებით დიდი ვიდრე იანუკოვიჩის გადაყენება იყო და ა. შ. რუსულმა იმპერიალიზმმა პოლიტიკურზე დიდი დარტყმა მიიღო. თუ შეიძლება ასე ითქვას.

როგორ ფიქრობთ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესიას პოზიცია ხომ არ უნდა გამოეხატა?

ჩვენს ეკლესიას ერთმნიშვნელოვნად უნდა დაეჭირა მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისათვის. სამწუხაროდ ეს არ მოხდა.

პირველ რიგში საქართველოს ეკლესიას უნდა გახსენებოდა პირველ რიგში ის, რომ თვითონაც ამ მდგომარეობაში იყო. თვითონაც გაუქმებული ჰქონდა ავტოკეფალია 200 წლის წინ და ასევე შეჩვენებული იყო მას შემდეგ რაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია გამოაცხადა 20-ე საუკუნის დამდეგს.

მეორე, საქართველოს ეკლესიამ თქვა, რომ ამით შეიძლება შეეწყოს ხელი დაპირისპირებას. ეს არის მტკნარი სიცრუე, რადგან ეს დაპირისპირება თვითონ რუსეთის მიერ ორგანიზებული და ინსტიტუციონალიზებული იყო წლების განმავლობაში.

წლების განმავლობაში რუსეთი დამოუკიდებელი უკრაინის ცხოვრებაში მონაწილეობდა ინტერვენციული სახით, როცა რელიგიური თვალსაზრისით უკრაინის რაღაც ნაწილს აკონტროლებდნნენ და არ აძლევდა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების შესაძლებლობას. ეს იყო დაპირისპირება და არის, რაც ახლა ხდება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად