ბექა მინდიაშვილი: რაც ხდება ილია II-ის პასუხისმგებლობაა, მისდამი ლოიალურ პირებს ეპისკოპოსებად არჩევდა(ინტერვიუ)

პატრიარქის უკვე ყოფილმა ქორესპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს სკანდალური განცხაებები გააკეთა და თქვა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.

რა ხდება საპატრიარქოში? მიმდინარეობს თუ არა საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლა? არის თუ არა რუსული გავლენები ეკლესიაში და ეკისრება თუ არა ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობა საქართველოს პატრიარქ ილია მეორესაც? – ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში თეოლოგია ბექა მინდიაშვილი საუბობს:

_ როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რაც საპატრიარქოში ხდება? ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა თუ საპატრიარქოს ტახტისთვის არის დაწყებული ბრძოლა?

_ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა დიდი ხანია დაიწყო. დაახლოებით 20 წელია ისმის, რომ ესა თუ ის ეპისკოპოსი ქმნის თავის დაჯგუფებას, ამრავლებს საკუთარი მღვდელმთავრების რაოდენობას, რათა სინოდზე მეტი ხმის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. განსაკუთრებით მწვავე ფაზაში ეს ბრძოლა სწორედ ციანიდის სკანდალის პერიოდში შევიდა და ყველაფერი რაც ხდება საპატრიარქოში, დაკავშირებულია საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლასთან. ეს არის ერთმნიშვნელოვანი.

_ რატომ შეირჩა მაინცდამაინც მეუფე იაკობი და რატომ აკეთებს ამაზე განცხადებებს ის 3 წლის შემდეგ?

_ მეუფე იაკობი საჯაროდ ვიხილეთ, მაშინ, როდესაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. ის იყო „ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის გულმხურვალე მომხრე. ის მიიჩნეოდა, რომ დაკავშირებული იყო ჯერ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, შემდეგ კი პრემიერ ღარიბაშვილთან. გახსოვთ ალბათ, რომ სწორედ იაკობი იყო ის ეპისკოპოსი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრიდან მოუწოდებდა მრევლს, რომ არ მიეცათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. მანამდე ასეთი ღია და საჯარო მოწოდებები მღვდელმთავრების მხრიდან ჩვენ არ გვსმენია, რომ ეთქვას ვინმეს კონკრეტულ პარტიას დაუჭირონ მხარი ან არ დაუჭირონ. ციანიდის სკანდალის პერიოდშიც როგორც ჩანს მეუფე იაკობი აჟღერებდა ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციებს. ასე იკვეთებოდა მაშინ.

ძნელი სათქმელია მიზეზი რა არის იმის, რაც ახლა მოხდა. ეს იყო პირადი უკმაყოფილება, ან რაღაც შეუთანხმებლობა, მაგრამ ფაქტია ის, რომ მეუფე იაკობი იყო ქორეპისკოპოსი. ის იყო უშუალოდ პატრიარქის თანაშემწე. სულ სამი ქორეპისკოპოსი ჰყავს პატრიარქს და ის იყო მიღებული „ოცნების“ ხელისუფლების კარზე და ის ყვება ჩვეულებრივ ამბავს, რაშიც ის მონაწილეობდა. სავსებით სარწმუნოა მისი მონაყოლი. მით უმეტეს, რომ მან ეს გაიმეორა გუშინ, ფხიზელ გონებაზე,

_ მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე, აუცილებელია თუ არა გამოძიების დაწყება?

_ ყველაფერი ის, რაც მოყვა მანამდე და რაც ეხებოდა პატრიარქის გადაყენების საკითხს და რაღაც გარიგებას, რომელშიც მონაწილეობდნენ ერთი მხრივ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, ხოლო მეორე მხრივ საპატრიარქოს სინოდის წევრები. შესაბამისად, რაკიღა აქ შეიძლება საქმე გვქონდეს უმძიმეს ანტიკონსტიტუციურ დანაშაულთან, ხოლო მეორე მხრივ რაღაცა ფინანსურ გარიგებებთან, კორუფციასთან და ასევე ყვებოდა ფულის აქეთ-იქით ფლანგვის შესახებ, ბუნებრივია გამოძიება უნდა დაწყებულიყო. მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ დაიწყებს გამოძიებას. აქ ფიგურირებდნენ ბიძინა ივანიშვილი, გახარია, გომელაური, ჩხარტიშვილი, რომელიც ასევე დაახლოებულია ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან, რუსული კავშირები აქვს მას და ა. შ.

_ მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომას რით ხსნით?

_ ეს იყო ძალიან სიმბოლური შინაარსის მატარებელი და არა ფაქტობრივი შინაარსის. ვინაიდან, გადადგომა ამ შემთხვევაში ქორეპისკოპოსის პოზიციიდან არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ, რომ ის რჩება მღვდელმთავრად და სინოდის წევრად. ის კვლავ აც უძღვება ბოდბის ეპარქიას.

აქ პრობლემა სხვა რამეშია. პრობლემაა ის, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები ვეღარ აცნობიერებენ იმას, რისთვის არიან ეკლესიაში. ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ისინი არიან ღვთის მსახურები, რომ მათი მთავარი მისია მოწოდებაა, რომ ადამიანების სულთა ხსნას შეუწყონ ხელი. დაუმკვიდრონ სახარებისეული ღირებულებები და იქადაგონ ქრისტიანობა. ეს აღარ ხდება ეკლესიაში. ყველაფერი ჩართულია ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და ფინანსური რესურსების გადანაწილებაში. ეს არის მთავარი პრობლემა და ეს ძალიან თვალსაჩინოდ დაგვანახა იაკობის ინტერვიუმ.

_ როდესაც მეუფეები ერთმანეთს პრორუსულობას აბრალებენ, ეს რაზე მიანიშნებს?

_ ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეკლესიაში რუსეთის გავლენა ძალიან დიდია. აქეთ იაკობი აბრალებს პეტრეს რუსეთის აგენტობას, იქით პეტრე იაკობს და ა. შ. ყველა ერთმანეთს რუსეთის აგენტობას აბრალებენ. მეორე მხრივ ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის სამსახური, უშუალოდ რომ ვთქვათ პუტინის სამსახური არის უკიდურესად მძიმე ბრალდება საზოგადოებრივი თვალსაზრისით. იმიტომ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ანტირუსულად არის განწყობილი. საპატრიარქოს და სინოდის წევრთა ნაწილი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ წლების განმავლობაში სწორედ რუსეთის ინტერესებს უჭერენ მხარს საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სამწუხაროდ რუსეთის გავლენა ძალიან დიდია ეკლესიაში.

_ რაც ხდება იმაში ხედავთ თუ არა პატრიარქის პასუხისმგებლობასაც?

_ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა პატრიარქის პასუხისმგებლობაა ის, რომ ეკლესია იმართება მორალურად დეგრადირებული ადამიანებისგან და პატრიარქი წლების განმავლობაში ეპისკოპოსებად, მღვდელმთავრებად არჩევდა ადამიანებს არა მათი მორალური და რელიგიური საქმის მიხედვით, არამედ მისდამი ლოიალობისა და უღირსობის მიხედვით. საეკლესიო მმართველობა და საეკლესიო ადმინისტრირება კოლაფსის წინაშე დგას. ყველაფერი დაივიწყეს ამ ადამიანებმა და თავ-ქუდმოგლეჯილები იბრძვიან ძალაუფლებისთვის და მათ სიხარბეს საზღვარი არ აქვს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად