ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შეცდომა 20 ივნისს გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ჩაჯდომა იყო

პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი “ქართული ოცნების” შეცდომებზე საუბრისას 20 ივნისს ასახელებს, როდესაც გავრილოვი პარლამენტის სავარძელში ჩაჯდა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა “დღის კურიერში” განაცხადა, ამ შეცდომისთვის “ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

“არსებითად დღეს, “ქართული ოცნების” მმართველი გუნდის პირობებში ჩვენ გვაქვს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხი და არ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ორიენტირები, თუ როგორ უნდა გადავრთოთ ჩვენი ძალისხმევა ისეთი სისტემური გამოწვევების გადაჭრაზე, როგორიც არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და ეკონომიკური გამოწვევა.

ასევე შეცდომა იყო 20 ივნისის დღეს გავრილოვის პარლამენტის სავარძელში დაჯდომა. ეს იყო ბუნებრივია, პარლამენტის როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა ძალიან სამართლიანი პროტესტი საზოგადოების და ამ შეცდომასთან მიმართებაში “ქართულმა ოცნებამ” როგორც პოლიტიკურმა ძალამ, არაერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

რაც შეეხება ჩვენ როგორ ვაპირებთ ამ პროცესებში ინტეგრირებას და ამ მოცემულობის რადიკალიზებით და რადიკალიზმით გაჯერებული პოლიტიკური სივრციდან საქმეზე ორიენტირს, ამაზე ჩვენ ვუპასუხებთ, როდესაც პარტიის მშენებლობის პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ და შესაბამისად, წარვუდგენთ საზოგადოებას პარტიის სამოქმედო გეგმას, პროგრამას და ჩვენს საპარლამენტო მანდატს მივმართავთ მათი საჭიროებების მაქსიმალურად გადაჭრის მიზნით”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილმა “ქართული ოცნება” ხუთ დეპუტატთან ერთად დატოვა და განაცხადა, რომ ისინი გიორგი გახარიას პარტიაში მოიაზრებენ თავს, რომლის შექმნაც ახლო მომავალში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...