ბექა ლილუაშვილი: ლეგიტიმაციისგან დაცლილმა ოცნებამ, რუსთავის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცებინა ადამიანებს, რომლებსაც 2 თვის წინ უარი უთხრა ქართველმა ხალხმა

დღეს, კიდევ ერთი “მასტერკლასი” ვიხილეთ პოლიტიკური ლეგიტიმაციისგან დაცლილი ორგანიზაცია ოცნების მიერ რუსთავის საკრებულოში. ერთია, ჩაატარო ყველაზე ცუდი არჩევნები შენი მმართველობის ისტორიაში, განახორციელო პოლიტიკური ზეწოლა, დაშინება და შანტაჟი, აწარმოო ამორალური კამპანია შენი ოპონენტის წინააღმდეგ, დაიჭირო ბუტა რობაქიძის საქმის დაზარალებული აკაკი ბართაია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იდგა და დგას ქართული სახელმწიფოს განვითარების მხარეს, “საქართველოსთვის” მხარეს.” – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს არ იკმარო, სამსახურიდან გამოაგდო ათეულობით კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, მოისყიდო, მოატყუო და იძალადო ამომრჩეველზე – წაართვა ქართველ ხალხს არჩევანის უფლება, ციფრებით მოიგო არჩევნები, მაგრამ დამარცხდე საქართველოსთვის ბრძოლაში. ამას სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნების ტოტალური და საყოველთაო წყურვილი და ამ მიზნისთვის ნებისმიერი საშუალებით ბრძოლის კომპლექსებისგან თავისუფლება.

მაგრამ, დღეს, კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რა მძაფრია ამ ძალაუფლების დაკარგვის შიში, როდესაც აგრძელებ, არამხოლოდ, მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევას, არამედ, სრულიად უგულველყოფ დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარ პრინციპს – წარმომადგენლობით მმართველობას. ოცნების ძველი, პოლიტიკური ლეგიტიმაციის არამხოლოდ ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი კონტექსტით განულებულმა საკრებულომ დაამტკიცა მომდევნო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ანუ, ბიუჯეტი დაამტკიცეს ადამიანებმა, რომელსაც ქართველმა ხალხმა უთხრა უარი ერთპარტიული მმართველობისთვის თითქმის 2 თვის წინ. ეს გვაძლევს ერთადერთი ლოგიკური მიზეზის არსებობის საფუძველს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი მორგებულია არა რუსთავის მოსახლეობის ინტერესებზე, მათ საჭიროებებზე, არამედ ოცნების ვიწრო პარტიულ საჭიროებებზე და წინასაარჩევნოდ ბიზნესისა თუ მათი პარტიული აქტივის მიმართ აღებულ ვალდებულებებზე.
სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება, რომ ორგანიზაცია ოცნებამ საბოლოოდ დაივიწყა ხალხი, მათი ნება, საარჩევნო უფლებისა და შედეგების მნიშვნელობა და საბოლოოდ გადაუსვა ხაზი დემოკრატიული მმართველობის სტანდარტს. მხოლოდ და კიდევ ერთხელ ვიწრო პარტიული ინტერესების სასიკეთოდ.” – წერს ბექა ლილუაშვილი “ფეისბუქზე”.

კომენტარები
იტვირთება...