ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა:

„სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა“.

ბექა ძამაშვილის განცხადებით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება:

„სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო“.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია.

„მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...