ბექა ძამაშვილი: შესაძლებლობა გვექნება, რუსეთს 2008 წლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მოვთხოვოთ!

“მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დევნილების დაბრუნების საკითხსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ამ პლატფორმის გამოყენებით ვიმსჯელოთ. შესაბამისად, მხოლოდ მატერიალური კომპენსაციის საკითხს არ დავაყენებთ”, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებლობა ექნებათ, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად რუსეთს 2008 წლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მოსთხოვონ.

მინისტრის მოადგილე კომპენსაციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა მსგავს საქმეებზე ასეთია, რომ ერთ წელს აძლევს ვადას მხარეებს, რომ მიყენებული ზიანი განსაზღვრონ და სასამართლოს წარუდგინონ და სასამართლო ამის შემდეგ გადაწყვეტს კომპენსაციის რაოდენობას.

“უშუალოდ კომენსაციის საკითხზე სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც დადგენილი პრაქტიკაა ასეთი კომპლექსური საკითხების განხილვის დროს. მხარეებს მოგვცა 1 წლის ვადა, რომ განვსაზღვროთ მიყენებული ზიანი, რაც მხარეებს მიადგათ. ორივე მხარე წარვადგენთ პოზიციებს და სასამართლო ცალკე გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუმცა, ეს საქმე მინდა გავმიჯნო წინა სახელმწიფოთაშორისო დავისგან – დეპორტირებულების საქმისგან. ეს საქმე გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მატერიალური კომპენსაციის მიღების საკითხი. აქ მთელი რიგი დარღვევებია, განსაკუთრებით გავამახვილებდი ყურადღებას ეთნიკურ წმენდაზე და იმაზე, რომ ეს ტერიტორია დღემდე ოკუპირებულია და დევნილები საკუთარ სახლებში დღემდე ვერ ბრუნდებიან.

მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დევნილების დაბრუნების საკითხსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ამ პლატფორმის გამოყენებით ვიმსჯელოთ. შესაბამისად, მხოლოდ მატერიალური კომპენსაციის საკითხს არ დავაყენებთ. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ რუსეთს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად მოვთხოვოთ, რომ აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, რაც იყო 2008 წლის ომამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად