ბექა დოჭვირი: ცივი იარაღის გაყიდვაზე რეგულაციები იცვლება, უკანონოდ ტარებაზე კი სანქციები მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ბექა დოჭვირმა, სამინისტროს მიერ, პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ახალი კანონპროექტით, ცივი იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება. ამჟამად კანონპროექტის
განხილვა პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მიმდინარეობს.

,,დღეს არსებული რეგულაცია, რაც ჩვენ გვაქვს ცივი იარაღის გაყიდვასთან  დაკავშირებით, არის საკმაოდ მწირი. შესაბამისად, ჩვენ შევისწავლეთ  საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა და ვთვლით, რომ უნდა გამკაცრდეს  რეგულაციები ცივი იარაღის მიწოდებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ არ  მოხდეს მისი გაყიდვა მაგალითად, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ბავშვის  სათამაშოებთან ერთად.

შესაბამისად, იქნება ლიცენზია. მისი საფასური იქნება ძალიან მცირე – 100  ლარის ოდენობით. დაწესდება რეგულაციები, კონკრეტულ ადგილებზე და შენობებზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ პირმა შეძლოს ცივი იარაღით  ვაჭრობა. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ, რომ მეწარმეები, რომლებიც დღეს  ახორციელებენ ცივი იარაღის რეალიზაციას, დასჭირდებათ გარკვეული პერიოდი და  კანონპროექტში გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი იმისთვის, რომ ახალ  რეგულაციებთან მიმართებაში მოხდეს ადაპტირება.

რაც შეეხება ცივი იარაღის ტარებას, ვამკაცრებთ აღნიშნულის მიმართულებითაც  სანქციებს. დღეს თუ იყო, რომ ორი ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა დაეწერა  სამართალდამცველ უწყებას პირისთვის, რომ შემდგომ სისხლის სამართლებრივი  პასუხისმგებლობა დაკისრებოდა, შეიცვლება. პირი, როდესაც ერთხელ  ჩაიდენს ასეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევას და შემდგომ ერთი წლის  განმავლობაში მეორეჯერ აღმოვუჩენთ ცივ იარაღის უკანონოდ ტარებას,  დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. აგრეთვე  თავისუფლების  აღკვეთა თუ იყო 6 თვის ვადით, სანქცია გაიზარდა და იქნება 1 წლის ვადით.

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება კონკრეტული კრიტერიუმები, მას შემდეგ  რაც კანონპროექტი იქნება მიღებული. აქვე ცალსახად მინდა აღვნიშნო, ეს  რეგულაციები არ შეეხება, საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოვნებო  დანიშნულების ცივ იარაღს, ანუ ისეთ ცივ იარაღს რომელსაც ადამიანები  ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. ანუ ახალი რეგულაციები შეეხება ცივ  იარაღს, რომელსაც ადამიანები ატარებენ, რომ სხვებს მიაყენონ ზიანი.  მაგალითად, სლენგი რომ ვიხმაროთ, ე.წ. “ბაბოჩკა” დანები, ფიქსატორიანი  დანები, რომლებიც თავისი დანიშნულებით არ გამოიყენება რაიმე სამეურნეო  დანიშნულებით, ან მას არ გააჩნია სუვენირული დანიშნულება.“ – განაცხადა  ბექა დოჭვირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად