ბექა ბერძენიშვილმა საქართველოს ნაკრებს მე-5 ოქროს მედალი მოუტანა!

მინსკში ევროპული თამაშების მესამე დღის შეხვედრები დასრულდა.

ქართველმა სპორტსმენებმა დღეს წარმატებით განაგრძეს ასპარეზობა და ყულაბას ორი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი შემატეს

სამბოში, +100 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბერძენიშვილმა მასპინძელ იური რიბაკს ოდნავი შანსიც კი არ მისცა,არასრულ ორ წუთში აშკარა უპირატესობით დაამარცხა იგი და ოქროს მედალი მოიპოვა!

ბექა ბერძენიშვილმა ფინალამდე ფრანგი გაბრიელ ჰერბერტო ანგარიშზე 2:0 მტკივნეული ილეთით დაამარცხა, ხოლო სერბი ვლადიმირ გაჟიკს აშკარა უპირატესობით სძლია – 8:0.

ამრიგად, ევროპული თამაშების მესამე დღის ბოლოს საქართველოს ანგარიშზე 16 მედალია, იმდენივე, რაც პირველ ევროპულ თამაშებზე ჰქონდათ საქართველოს, თუმცა ამჯერად მედლების ხარისხოვანი მაჩვენებლები უკეთესია (ბაქოში საქართველომ 2 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა) და ამასთან, წინ არის ძიუდოისტების (ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი), კანოისტების (ზაზა ნადირაძე, მარიამ ქერდიკაშვილი, ბადრი ყაველაშვილი), მოკრივეების, მოჭიდავეების და სხვათა გამოსვლა.

შეგახსენებთ, მინსკის ევროპულ ჩემპიონატის მედალოსან ქართველ სპორტსმენებს:

ოქრო – ლუხუმ ჩხვიმიანი, ვახტანგ ჩიდრაშვილი, დავით ლორიაშვილი, ლევან ნახუცრიშვილი

ვერცხლი – ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე და მინდია ლილუაშვილი

ბრინჯაო — ბექა ბერულავა,ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი, გენადი ჩირგაძე და პაატა ღვინიაშვილი.

ავტორი: რაულ კაპანაძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...