ბექა ბასილაია: ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს თუ დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება, რომელმაც ორგზის უკვე განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ ეს იქნება ცალსახად ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ვეყრდნობით ნიკა ყიფშიძის განცხადებებს და ვეყრდნობით ასევე კონსილიუმის წევრი ექიმების განცხადებებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. ამავდროულად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის საშუალება მიეცეს ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენელებს, რომლებიც ასევე არიან მაღალ კვალიფიციური და რეპუტაციის მქონე სპეციალისტები.

ბუნებრივია, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი არის საკმაოდ რთული და სპეციფიკური. შესაბამისად ამ ნაწილში მედიკოსების რჩევები და მათი რეკომენდაციები უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. თუ ისინი გასცემენ იმ ტიპის დასკვნას და რეკომენდაციას, რომ აქ მიხეილ სააკაშვილის სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელი არ არის და სააკაშვილის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებისთვის სასურველი, მნიშვნელოვანია, რეაბილიტაცია მოხდეს უფრო მაღალტექნოლოგიურ, მეტად შესაბამის კლინიკაში, რომელიც არის საზღვარგარეთ, ამ თვალსაზრისით იურიდიულად შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება, რომელმაც ორგზის უკვე განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს და იქნება ცალსახად ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად, არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებზეც ჩვენ, ბუნებრივია, ვმუშაობთ“,- განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი, თუ ფიზიკურად ექნება ამის შესაძლებლობა, 29 ნოემბერს სასამართლო პროცესს დაესწროს.

„ამავდროულად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ მითითებებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სასამართლოში დასწრებას, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება, მთელი თვენახევრის მანძილზე პროცესს არ ნიშნავდნენ და მართლმსაჯულება ემალებოდა მიხეილ სააკაშვილს. შემდეგ პროცესი ჩაინიშნა და 10 ნოემბრის პროცესზე, როცა მას ფიზიკურად შეეძლო და ჰქონდა ძალა, გამოცხადებულიყო, არ მოიყვანეს სრულიად პარტიზანულად და კანონდარღვევით.

29 ნოემბერს დაგეგმილ პროცესს რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილს თუ ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, და იმედი გვაქვს, რომ ექნება, ჩვენი მოთხოვნა არის, ის სასამართლო პროცესს დაესწროს“,- განაცხადა ბასილაიამ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
იტვირთება...