ბენურ კვირაია: მე ვიმყოფებოდი საქრათველოში და კიდევ წავალ, წავედი დიდი ინვესტიციების მოსაზიდად ჩემი სამშობლოსთვის

ასლან ბჟანიას ე.წ. თანაშემწე ბენურ კვირაია აფხაზურ მედიასთან ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის თბილისში ნამდვილად იმყოფებოდა. მისი თქმით, ის საქართველოში კონკრეტული მიზნით ჩავიდა და იგივეს მომავალშიც გააკეთებს.
ბენურ კვირაიას განმარტებით, ის პასუხისმგებელია მის თითოელ სიტყვასა და ქმედებაზე.

მისი განმარტებით, ის ხელმძღვანელობს კომპანია “სკურჩას”, რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული. კვირაია ირწმუნება, რომ ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, რომლისთვისაც ინვესტიციების მოზიდვა თბილისში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო.

მისივე თქმით, ის 18 თებერვალს შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და უთხრა, რომ საქართველოში წასვლას გეგმავდა, რაზეც დე ფაქტო პრეზიდენტმა უთხრა, რომ სანამ “პრეზიდენტის” თანაშემწე იყო, ვერ გაემგზავრებოდა. უკვე მომდევნო დღეს კი საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა.

“მე ვიმყოფებოდი საქრათველოში და კიდევ წავალ. ეს ჩემი კერძო ვიზიტია. წავედი დიდი ინვესტიციების მოსაზიდად ჩემი სამშობლოსთვის. მე მინდა პორტის მშენებლობა, დიდი სასტუმროების. მინდა ბევრი ფული ჩამოვიტანო აფხაზეთში, რათა ჩემი ხალხი, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს, სიღარიბეში არ ცხოვრობდეს. მე ვარ მეომარი. 1989 წლიდან ვმონაწილეობდი აფხაზეთის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ყველა ოპერაციაში და ომის შემდეგ ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ სამშობლო აღორძინდეს”, – აცხადებს ბენურ კვირაია აფხაზურ მედიასთან საუბარში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...