ბენ ჰოჯესი: ქვეყნები, რომელთა კომპანიებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ, აღარ იტყვიან “ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რომ რუსეთი გაღიზიანდესო”

“თუ საქართველო დიდ დასავლურ კომპანიებს თავს მიმზიდველ ადგილად დაანახებს, მაშინ ამ დიდ კომპანიებს საქართველოში საკუთარი ინტერესი გაუჩნდებათ. ისინი საქართველოს უსაფრთხოებაზეც დაიწყებენ ზრუნვას. ეს კი იმის საფუძველი გახდება, რომ ქვეყნები, რომელთა კომპანიებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ, აღარ იტყვიან “ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რომ რუსეთი გაღიზიანდესო.” – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილმა მთავარსარდალმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა.

2008 წელს ალიანსმა პირობა დადო, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. დიახ, ნატომ საქართველოსთან პარტნიორობა გააღრმავა, მაგრამ წევრობის თვალსაზრისით ხელჩასაკიდი ბევრი არაფერი მომხდარა. ბოლო მინისტერიალის შემდეგ, უნდა იყოს თუ არა საქართველო უფრო იმედიანად განწყობილი? თქვენ თუ ხართ უფრო იმედიანად განწყობილი?

“კარგი ამბავი ისაა, რომ იმედის გასანელებელი ან დაპირების დაკნინება არაფერი მომხდარა. ეს, რა თქმა უნდა, შთაგონების მომცემი სიახლე არაა, მაგრამ მაინც, დადებითი მესიჯია. ამასთან, იმედი მაქვს ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია ნატოსთან ურთიერთობაში უფრო მრავალმხრივ მიდგომას შეიმუშავებს და ალიანსს მის მიმართ ამერიკის ერთგულებაში დაარწმუნებს. ამასთან, ადმინისტრაციაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით, შავი ზღვის მნიშვნელობას ხედავენ. ალიანსისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკა იქნება.

თუ გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი ბიზნესები საქართველოში ეკონომიკურ შესაძლებლობებს დაინახავენ… თუ საქართველო დიდ დასავლურ კომპანიებს თავს მიმზიდველ ადგილად დაანახებს, მაშინ ამ დიდ კომპანიებს საქართველოში საკუთარი ინტერესი გაუჩნდებათ. ისინი საქართველოს უსაფრთხოებაზეც დაიწყებენ ზრუნვას. ეს კი იმის საფუძველი გახდება, რომ ქვეყნები, რომელთა კომპანიებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ, აღარ იტყვიან “ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რომ რუსეთი გაღიზიანდესო.

პირიქით, მათი შეხედულება იქნება, რომ ისინი მილიარდობით ევროს ინვესტიციას აკეთებენ საქართველოს სატრანსპორტო ან სხვა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამ ინვესტიციების უსაფრთხოებას დაცვა დასჭირდება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ეხება მხოლოდ სამხედრო სფეროს. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რის მოტანა შეუძლია ქვეყანას ალიანსისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური განვითარება და დასავლეთისთვის საკუთარი თავის ეკონომიკურად უფრო მიმზიდველად ჩამოყალიბება ის უნდა იყოს, რაზეც საქართველო აქტიურად იმუშავებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კრემლს ამის დაშვება არ სურს.” – აცხადებს ბენ ჰოჯესი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად