ბელგიის ყოფილი პრემიერი: თურქეთი და რუსეთი ევროკავშირის უსაფრთხოებას განსაზღვრავენ

სირიაში არსებულმა ვითარებამ ევროკავშირის სისუსტე კიდევ ერთხელ აჩვენა, რაც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს თურქეთსა და რუსეთს ევროპის უსაფრთხოების მიმართ. ამის შესახებ ევროპარლამენტში ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელმა, ბელგიის ყოფილმა პრემიერმა გი ვერხოფსტადტმა მიკრობლოგ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

”სირიიდან ამერიკის გამოსვლა და თურქეთის შეტევა კვლავ ევროპის გეოპოლიტიკურ სისუსტეზე მეტყველებს. ახლა ჩვენს უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილებებს თურქეთი და რუსეთი იღებენ”,-დაწერა მან “ტვიტერზე”.

ბელგიის ყოფილი პრემიერის აზრით, ევროპამ ბედი საკუთარი ხელით უნდა განსაზღვროს და “თავდაცვის რეალური ალიანსი” შექმნას.

ადრე, ნატო-ს ბევრმა წევრმა ანკარას სირიაში ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვები უკვე დააწესა.

9 ოქტომბერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამ ოპერაციის მიზანი ქურთი მებრძოლებისა და “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაა.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ამელი დე მონშალენის განცხადებით, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების  შესაძლო ამოქმედების საკითხი ოქტომბერში, ევროკავშირის სამიტზე განიხილება. ანკარას წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების საკითხი ასევე შეერთებულმა შტატებმაც დააყენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად