ბელგიის ელჩი სამხრეთ კორეაში უკან გაიწვიეს – დიპლომატის მეუღლეს ადგილობრივებთან ჩხუბი მეორედ მოუვიდა

ბელგიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სასწრაფოდ უკან დაებრუნებინა თავისი ელჩი სამხრეთ კორეაში პიტერ ლესკი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყველაფერი ნორმალურადაა; ბრიუსელი იძულებული გახდა, ასეთი ზომები მიეღო დიპლომატის მეუღლის საქციელის გამო. მან უკვე მეორედ უგულებელყო ქცევის წესები, კონკრეტულად კი, მეორედ მოუვიდა ჩხუბი ადგილობრივებთან. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

აპრილში, ბელგიელი დიპლომატის ცოლს, რომელსაც აზიური ფესვები აქვს, წარუმატებელი გასვლა ჰქონდა საყიდლებზე. ერთ-ერთი ბუტიკიდან გასვლისას, როდესაც იგი კარში გადიოდა, უსაფრთხოების სისტემა ჩაირთო. შესასვლელთან მორიგე თანამშრომელმა სთხოვა, ეჩვენებინა ჩანთა, რათა დარწმუნებულიყო, რომ იქ მოპარული არაფერი იდო. ამაზე დიპლომატის მეუღლე აღფოთდა. მან ყვირილი და ლანძღვა დაიწყო. ამ ხმაურზე სხვა გამყიდველებიც მოგროვდნენ. როდესაც დიპლომატის მეუღლემ გააცნობიერა, რომ იგი გარშემორტყმული იყო, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი გამყიდველისთვის სილა გაეწნა. ძვირადღირებული ბუტიკის პერსონალი აშკარად არ ელოდა ამ საქციელს კარგად ჩაცმული კლიენტისგან. დიპლომატის მეუღლემ კი ისარგებლა მოულოდნელი ეფექტით და სწრაფად გაიპარა მაღაზიიდან.

საბოლოოდ, ქალს დიპლომატიური იმუნიტეტი მიანიჭეს, რათა პოლიციას არ მიეკითხა მისთვის, ვინაიდან პოლიციამ CCTV კამერებით დაადგინა მისი ვინაობა.

მაშინ ბრიუსელმა სამხრეთ კორეაში ელჩის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

“ცხადია, შექმნილ ვითარებაში პიტერ ლესკიუ ვერ შეასრულებს თავის მოვალეობებს სათანადო მოცულობით”, – ნათქვამია ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ელჩი არ არის ტურისტული კურორტის სტუმარი, მას არ შეუძლია უბრალოდ დატოვოს თავისი ნივთები ჩემოდანში და სამშობლოში გაემგზავროს. აუცილებელია საქმეების გადაცემა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ლესკიე ყველა ამ საქმით იყო დაკავებული, მისი მეუღლე ისევ სკანდალში გაეხვა.

ამჯერად მას არ მოეწონა ის, რომ მებაღემ მას ცოცხი მოარტყა, ან დიპლომატის მეუღლეს მოეჩვენა, რომ ეს ასე მოხდა. მან გადაწყვიტა, აქაც სილის გაწვნა გამოეყენებინა, რომლითაც ერთხელ უკვე უპასუხა მაღაზიის გამყიდველს. თუმცა ამჯერად, დამლაგებელმა მას საპასუხოდ ხელი კრა, ქალი უკან გადავარდა, მიწაზე დაეცა და ზურგი დაიზიანა. ჩხუბის მოწმეებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ კონფლიქტის არცერთ მხარეს არ სურდა ოფიციალური განცხადების შეტანა.

მაგრამ მომხდარის შესახებ მაინც გავრცელდა ინფორმაცია. ახლა კი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფი ვილმსმა უბრძანა ლესკიეს და მის მეუღლეს, დაუყოვნებლივ ჩავიდნენ ბრიუსელში.

კომენტარები
იტვირთება...