ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის უფროს შვილს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

ალექსანდრ ლუკაშენკოს უფროსი შვილი, ვიქტორ ლუკაშენკო თადარიგის გენერალ-მაიორი გახდა

ბელარუსის პრესის ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენიმე სხვა პირთან ერთად დღეს თავის უფროს შვილს, ვიქტორ ლუკაშენკოს მიანიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

პრესის მიხედვით, უცნობია, რა წოდებას ატარებდა დღემდე ვიქტორს ლუკაშენკო. ღია წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ 1998-2001 წლებში ვიქტორ ლუკაშენკო კაპიტნის რანგში მსახურობდა სასაზღვრო ჯარში.

დღესვე ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევით თანამდებობაზე არჩევის გამო ვიქტორ ლუკაშენკო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მეთაურის თანაშემწის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ვიქტორ ლუკაშენკო 26 თებერვალს ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ მას შემდეგ აირჩიეს, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ამ თანამდებობაზე 1998 წლიდან იყო, ახალი ვადით კენჭისყრაზე უარი განაცხადა. უარის თქმის მიზეზი, ბელარუსის ოპოზიციური პრესის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ბელარუსი სპორტსმენების დისკრიმინაციის გამო დაწესებული სანქციები გახდა.

დეკემბერში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ სათანადოდ არ დაიცვა ბელარუსი სპორტსმენები პოლიტიკური დისკრიმინაციისგან და ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის მიმართ სანქციები დააწესა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სანქციებით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ლუკაშენკოს, მის მოადგილეს ვიქტორ ლუკაშენკოს და სახვა ხელმძღვანელ პირებს აეკრძალათ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება, ხოლო ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერა შეუწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...