ბელარუსი რუსეთისგან დისტანცირებას უხმაუროდ განაგრძობს

პრესაში, განსაკუთრებით, რუსულში, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაცივებაზე და ბელარუსის მხრიდან რუსეთისგან დისტანცირების მცდელობებზე.

ამჯერად რუსული პრესის ყურადღება ბელარუსის პარლამენტში განსახილველად შესულმა პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური საბჭოს მიერ მომზადებულმა სახელმწიფო გერბის შესახებ კანონპროექტმა მიიპყრო.

იუსტიციის მინისტრი ოლეგ სლიჟევსკი ბელარუსის საინფორმაციო საგენტოებთან აცხადებს, რომ ცვლილებები გერბის მხატვრულ სახეს ეხება. მისი თქმით, ჰერალდიკური საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო გერბი საჭიროებს სრულყოფას. ერთ-ერთ ელემენტად გერბისა, რომელიც შესაცვლელია, მინისტრმა გერბის თავში არსებული ვარსკვლავი დაასახელა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰერალდიკაში საყოველთაოდ მიღებული მიდგომების თანახმად, ამგვარად გამოსახული ვარსკვლავი მილიტარიზებულ სიმბოლიკას შეესატყვისება და საომარ სულისკვეთებაზე მიანიშნებს.

ბელარუსის რესპუბლიკა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, იცავს ნეიტრალიტეტს, არ განიხილავს აგრესიას თავისი პოლიტიკის ხერხად. საჭიროა გერბი მოყვანილი იქნეს მშვიდობისმოყვარე შინაარსთან შესაბამისობაში, რათა ის აღიქმებოდეს პოზიტიურად, – აღნიშნა მინისტრმა.

ცვლილებები შეიძლება შეეხოს პარალელებს და მერიდიანებს. უფრო მკაფიოდ გამოისახება ზოგიერთი ელემენტი. “არის ისეთი ნიუანსები, რომლებიც ყოველთვის სწორ ასოციაციებს არ იწვევენ, უდავოა, მათ იდეალური სახე უნდა მიეცეთ”

სახელდობრ, სამყურა და სელი უფრო რელიეფურად იქნება გამოსახული, ისევე როგორც ბაფთა, რომელიც შემოვლებულია ყვავილებს. დაზუსტდება სახელმწიფოს ტერიტორიის კონტურები, იგი გახდება ოქროსფერი – მზის სხივის ტონალობის. მატერიკთა გამოსახულებები გახდებიან უფრო მკაფიო და გეოგრაფიულად ზუსტი. უფრო მკვეთრად გამოჩნდება ბაფთა წარწერით “Рэспубліка Беларусь”, – თქვა მინისტრმა.

რუსულმა საინფორმაციო სააგენტოები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბელარუსის ახლა გერბზე გლობუსი დატრიალებულია და ძველისგან განსხვავებით, ევროპა უფრო მეტად ჩანს, ვიდრე ჩანდა, რუსეთი კი – პირიქით.

შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ, სოჭში შედგა მოლაპარაკება ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, რომელზეც მხარებმა მიაღწიეს შეთანხმებას გაზის ფასზე, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ნავთობის ფასზე. უფრო ადრე ბელარუსმა ნორვეგიული ნავთობი შეისყიდა, მოლაპარაკების წინა დღეებში კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პომპეიმ, ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს, განაცხადა ამერიკული მხარის მზადყოფნის შესახებ, მიაწოდოს ბელარუსს იმდენი ნავთობი, რამდენიც მას სურს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად