ბელარუსი ბიზნესმენები აჭარაში ინვესტირებით ინტერესდებიან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის თქმით, ბელარუსში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში ბიზნესმენებთან და ინვესტორებთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

როგორც მან ფორუმის მონაწილეებს მიმართა აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე და ინტენსიურ შეხვედრებს მართავს პოტენციურ ინვესტორებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

“ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები შედგა მინსკში. განვიხილეთ კონკრეტული სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და უკვე გვაქვს კონკრეტული დაინტერესება ბელარუსი ინვესტორებისგან. ისინი აჭარის რეგიონს ეწვევიან და მათ ჩვენ უკვე ადგილზე გავაცნობთ რეგიონის საინვესტიციო გარემოს. წელს დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით ჯამში 9 საინვესტიციო ფორუმს გავუწიეთ ორგანიზება. ყოველი მსგავსი ფორმატის შეხვედრა დამატებითი შესაძლებლობაა ახალი ინვესტიციის განხორციელების. რეგიონისადმი ინტერესი კი როგორც დღევანდელმა შეხვედრამაც დაადასტურა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ მაღალია. საინვესტიციო ფორუმების გარკვეული შედეგები ინვესტიციების კვარტალურ მონაცემებშიც აისახება.

2015 წლის შედეგები წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით საკმაოდ პოზიტიურია. 2015 წლის 9 თვის ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 42%-ით, 76.5 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. წამყვანი სექტორი წელს ენერგეტიკა (39%) და ტურიზმია (35%). მინდა ხაზი გავუსვა, რომ ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციები ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით იცვლება და თუ წინა წლებში წამყვან პოზიციებზე ტურიზმი და მშენებლობა იყო, წელს უკვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერება შეიმჩნევა, რაც ცალსახად მისასალმებელია. 2015 წლის 9 თვის ინვესტიციების მონაცემები 2014, 2013, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ:

2015 წლის 9 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია 125.2% (144.5 აშშ დოლარით).
2015 წლის 9 თვის მონაცემები 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია 76.9% (113 აშშ დოლარით).
2015 წლის 9 თვის მონაცემები 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია 42% (76.5 აშშ დოლარით).

მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები თავს დაცულად გრძნობენ თავიანთი კაპიტალის დაბანდებისას. ჩვენ შევქმენით დაბალანსებული, ჯანსაღი, კონკურენტული გარემო. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინვესტორებს, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება”, – განაცხადა დავით ბალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...