ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო, პორტის ადმინისტრაციის 16 მოხელე დააკავეს

ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო, ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის 16 მოხელე დააკავა. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო პროკურატურა იუწყება.

ნავსადგურის მთელი ადმინისტრაციის საშინაო პატიმრობაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მანამ, სანამ კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა არ დადგინდება, ლიბანის მთავრობამ მიიღო. პრემიერ-მინისტრის ჰასან დიაბის თქმით, ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.

“აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ექვსი წლის განმავლობაში პორტის საწყობში ინახებოდა 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატი, ხოლო ნავსადგურის ორგანოებმა არ მიიღეს რაიმე პრევენციული ზომები”, – თქვა მან.

4 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი. ამ დროისთვის დაღუპულია 149 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 5 ათასზე მეტი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად