ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, საქართველოს 15 ქალაქში/დაბაში
საინფორმაციო კვირეული დაიწყო. ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

კვირეულს მედიაციის სახლის სოციალური და ახალგაზრდული მუშაკები უძღვებიან. შეხვედრებს 13-18 წლის ასაკის მოზარდები ესწრებიან. მათ შორის არიან თბილისსა და რეგიონებში მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და დღის ცენტრების ბენეფიციარები, საზღვრისპირა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდები, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები და სხვა.

შეხვედრების მიზანია ცნობიერების ამაღლება მოზარდების შრომითი უფლებების შესახებ. კერძოდ, რა ასაკიდან შეუძლიათ მათ შრომა, რა სახის სამუშაოს შესრულებაა მათთვის ნებადართული, რა ხანგრძლივობითა და რა პირობებში შეუძლიათ მათ სამუშაოს შესრულება. გარდა ამისა, პრევენციული მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებზე ახალგაზრდები მოისმენენ რეკომენდაციებს, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან; მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კიბერუსაფრთხოების თემებსაც. კერძოდ, კი მოისმენენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა დაიცვან პირადი უსაფრთხოება სოციალური მედიით სარგებლობისას. შეხვედრები თბილისში მედიაციის სახლში გაიმართება, ხოლო რეგიონებში ადგილობრივ გამგეობებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) მიერ 2002 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია პრობლემის გაცნობიერება, ცნობიერების ამაღლება, რათა დაცული იყოს ბავშვთა შრომითი უფლება. ცნობისთვის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის საჭიროების შესაბამისი პროგრამები/პროექტები მიმდინარეობს, რომელთა მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის თავიდან არიდებაა. შეთავაზებული სერვისები ბენეფიციარებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს, 14 წლამდე და 14-18 წლის ასაკის მოზარდებს ეთმობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...