„ბავარიელებმა” „კვიცები” ვერ „გახედნეს” და 2 გატანილი გოლის შემდეგ საკუთარ კარში 3 ბურთი მიიღეს

ბუნდესლიგაში მე-15 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა

მენხენგლადბახში ადგილობრივმა „ბორუსიამ” ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, მიუნხენის „ბაიერნი” მიიღო.

შეხვედრის მე-19 წუთზე მასპინძელთა მცველი ფლორიან ნოიჰაუსი ხელით ოდნავ შეეხო არასაგოლე მდგომარეობაში მყოფ რობერტ ლევანდოვსკის მისამართით გაგზავნილ ბურთს და ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანიდან მიმდინარე ჩემპიონატში მე-20 გოლი გაიტანა.

26-ე წუთზე ლეონ გორეცკამ მოედნის ცენტრში ჩაჭრა მასპინძელთა გადაცემა, ლეროი სანესთან გაითამაშა კედელი და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით მეორე გოლი გაიტანა მასპინძლების კარში.

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ფარ-ხმლის დაყრა არ უფიქრიათ და კვლავ ცდილობდნენ „ბავარიელთა” კარის აღების მიზნით შეტევების ორგანიზებას.

35-ე წუთზე მჭიდრო პრესინგის წყალობით მასპინძლებმა აართვეს ბურთი სტუმრებს და ლარს შტინდლმა ჯერ მშვენივრად ჩაუყენა კორპუსი მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი საუცხოო გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა იონას ჰოფმანი, რომელმაც ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2.

45-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა ლარს შტინდლმა მოედენის ცენტრში ძალისმიერ თამაშში აართვა ბურთი იოზუა კიმიხს და ბრწყინვალე გადაცემით კვლავ იონას ჰოფმანი გაიყვანა მანუელ ნოიერთან პირისპის და ანგარიში გათანაბრდა – 2:2.

შეხვედრის 49-ე წუთზე იონას ჰოფმანმა ისარგებლა ნიკლას ზიულეს შეცდომით და ფლორიან ნოიჰაუსი გაიყვანაა დასრტყამ პოზიციაზე. ნოიჰაუსმა ბურთი ცხრიანში გაგზავნა და „კვიცები” დააწინაურდნენ – 3:2.

დარჩენილ დროში „ბავარიელთა” არაერთ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია და მათ მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ იწვნიეს მარცხი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან „ბაიერნთან” შეხვედრებში ყველაზე წარმატებით მენხენგლადბახელები თამაშობენ. მათ 6 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5-ჯერ დამარცხდნენ.

„ბაიერნი” 33 ქულით ჯერჯერობით ინარჩუნებს ლიდერობას, მაგრამ ლაიფციგში „რასენბალშპორტის” დორტმუნდის ‘ბორუსისთან” გამარჯვების შემთხვევაში 34 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ლაიფციგელები ჩაუდგებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...