ბატიაშვილი: ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება

საქართველოს ეროვნულ არქივში ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საგანგებოდ ამ დღეს, 85 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით, არქივის განახლებულ კინოდარბაზში ლანა ღოღობერიძის დედის, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმის – „უჟმური“ პრემიერა მოეწყო. ფილმი ეკრანებზე პირველად 1934 წლის ბოლოს უჩვენეს, თუმცა, საბჭოთა ცენზურის გამო მისი საეკრანო ცხოვრება აღარ გაგრძელებულა.

საიუბილეო ღონისძიებასა და ფილმის ჩვენებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრო.

მიხეილ ბატიაშვილმა ლანა ღოღობერიძეს იუბილე მიულოცა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონი ლანა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ქართული კინოს ისტორია შექმნა. ბედნიერი ვარ, რომ მისი დედის – პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „უჟმური“ საქართველოში დავაბრუნეთ და ფილმის პრემიერა, სწორედ, დღეს იმართება. ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება – მოხდება ფირების არა მხოლოდ ჩამოტანა, არამედ, გაციფვრა და მაქსიმალური ხელშეწყობა იმისათვის, რომ ქართული ფილმები კინომოყვარულებისთვის, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს“.

საიუბილეო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი და კინემატოგრაფიული წრის წარმომადგენლები.

ნუცა ღოღობერიძის ფილმი „უჟმური“, რომელიც სამშობლოში ახლახან დაბრუნდა, ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ფილმსაცავში „თაროზე იყო შემოდებული“. მხოლოდ ქართული კინოს ისტორიკოსები ფლობდნენ მის შესახებ მწირ და ისიც ზეპირ ინფორმაციას.

85 წელი გავიდა ფილმის პირველი საპრემიერო ჩვენებიდან, თუმცა დღემდე არავის, მათ შორის, არც თავად რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის შვილისთვის იყო აღნიშნული ფილმი ხელმისაწვდომი.

2018 წლის ნოემბერში ფილმის „უჟმურის“ საწყისი მასალები საქართველოში იქნა ჩამოტანილი. რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდიდან ფირის სამშობლოში დაბრუნება და ციფრულ ფორმატში გადაყვანა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კინოცენტრისა და ეროვნული არქივის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად განხორციელდა.

ამასთან უმნიშვნელოვანესია, რომ სამინისტროს ხელშეწყობით, 2019 წელს იგეგმება კინომემკვიდრეობის დაბრუნების პარალელურად, მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით მათი დიგიტალიზაციის ეტაპობრივი პროცესის დაწყება. ნუცა ღოღობერიძის ფილმის „უჟმურის“ ციფრული ვერსიის მომზადება სრულად ეროვნული არქივის ბაზაზე განხორციელდა, რომლის საპრემიერო ჩვენების შემდეგ იგეგმება კიდევ ერთი ჩვენების გამართვა. აღნიშნული ჩვენების ფარგლებში დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ შეეძლება.

ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან – „გოსფილმოფონდი“, საბჭოთა ეპოქაში, 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, ხელი, 2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა. რუსეთიდან ქართული ფილმების sawyisoli masalebis ჩამოტანა ეტაპობრივად ახლაც მიმდინარეობს. დღეისთვის, საქართველოში, უკვე 34 ფილმი დაბრუნდა.

კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პარალელურად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნულ კინოცენტრთან ერთად განაგრძობს კინოარქივისა და ციფრული ლაბორატორიის პროექტზე მუშაობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...