ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული სოლიდარობის აქცია გაიმართა

მედიის წარმომადგენლებმა, ამ ფორმით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტი დაგმეს.

აქციის მონაწილეობის განცხადებით, ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმა, პირდაპირ კავშირში იმ რიტორიკასთან, რომელიც ხელისუფლებას კრიტიკული მედიის მიმართ აქვს.
„ეს არის იმ რიტორიკის შედეგი, რაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების წარმოადგენლებისგან. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენს ირგვლივ, ერთი მაინცაა ისეთი ადამიანი, ვისაც საკუთარ თავზე გამოუცდია ეს თავდასხმა, ძალაუფლების მქონე ადამიანების მხრიდან. სინამდვილეში, გაცილებით საშიშია ის ყველაფერი, რაც მოხდა და შეუძლებელია ერთ კომენტარში ჩაატიო, რადგან გუშინ დაესხნენ ვახო სანაიას თავს, კრიტიკული კითხვებისა და კრიტიკული აზროვნების გამო. ხვალ, მომაკითხავენ მე, ზეგ-თქვენ, ჩვენს ყველა კოლეგას მიაკითხავენ და ბოლოს მივიღებთ იმას, რომ კრიტიკული კითხვის დამსმელი აღარ დარჩება მედიასა და ქვეყანაში“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანმა, ირინა ყურუამ.

აქციის მონაწილეები, ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ და დროულად გამოიძიონ ის საქმეები, რომელიც მედიის მიმართ თავდასხმებსა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...